დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს რუსეთს ესტუმროს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლოა, რუსეთს ესტუმროს. ამის შესახებ რუსული მედია, პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს ესტუმროს.

ცოტა ხნით ადრე კი, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოფიციალური ანკარის ინიციატივით ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც კრემლის ლიდერმა თურქი კოლეგა რუსეთში სამუშაო ვიზიტით მიიწვია. თურქეთმა მიწვევა მიიღო. როგორც ცნობილია, ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს სირიაში არსებული ვითარება განიხილეს.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი თურქეთის მოსაზღვრე სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნაა.

დაწერე კომენტარი