დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა – საფინანსო კომპანია “Mfx capital”-ის ხელმძღვანელ პირებზე ძებნა გამოცხადდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტზე, ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული შპს ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას და შპს ემეფიქს გრუპის, ასევე, ოფშორულ ზონაში, ბელიზში რეგისტრირებული კომპანია Master services inc– ის ხელმძღვანელმა პირებმა, ამავე კომპანიების საშუალებით, მოიზიდეს საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირები პროგრამა Mfx capital-ში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სანაცვლოდ, ყოველთვიური მაღალი საპროცენტო სარგებლის გაცემისა და ინვესტირებული თანხის სრულად დაბრუნების პირობით.

ამ გზით, ბრალდებულების მიერ, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თანხების მიზნობრივად ინვესტირების ნაცვლად, გაიფლანგა 105 ფიზიკური პირის მიერ ინვესტირებული თანხა – ჯამში, 1 589 266 დოლარი.

ბრალდებულებმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე დატოვეს საქართველოს საზღვარი, დღემდე თავს არიდებენ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში. სასამართლომ მათ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოიტანა დადგენილება მათი ძებნის შესახებ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.

დაწერე კომენტარი