დეკანოზი ლომიძე: თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი

დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:

“უკვირს ხალხს, წელს პატრიარქმა მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება ჯერ არ მიულოცაო. ბევრი გაშმაგებული ლანძღავს ქუთაისის მიტროპოლიტ იოანეს, ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთო, რომ გვარიგებს. თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, მართებული პოზიციაა და ასეც უნდა იყოს. უფრო მეტსაც გეტყვით, არც წინა არჩევნებში, არც იმის წინაში, არც იმის წინის წინაში და არასოდეს, არცერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არ უნდა მიელოცა ეკლესიას. ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგანაც და დამარცხებულ-გამარჯვებულის მხარდაჭერისგანაც. ესაა საერო და ამქვეყნიური საქმე, ესაა მიწიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მასში ეკლესიას არაფერი ესაქმება. თუ ეკლესიის მსახურები და ასევე პოლიტიკოსები ვერ შევიგნებთ ამას, მოვა დრო და თვითონ ცხოვრება და საზოგადოება მიგვიჩენს ჩვენს ადგილს და ეს უფრო მტკივნეული იქნება” – თამაზ ლომიძე

დაწერე კომენტარი