დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ

ახალშობილი

გუშინ თბილისის ერთ-ერთ უბანში მიტოვებული ახალშობილის შესახებ გავრცელებულ ამბავს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალშობილს თან წერილი ახლდა, რომელშიც ბავშვის დედა წერდა, რომ ბავშვის მიტოვების მიზეზი მძიმე მატერიალური მდგომარეობა გახდა და მას ბავშვის რჩენა აღარ შეეძლო.


სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ბავშვის დედას სთხოვენ, რომ გამოჩნდეს და ბავშვის აღზრდაში ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. რამდენიმე ადამიანი, მზადაა პატარა თავის შვილებთან ერთად აღზარდოს.

“დღეს ლანძღვას და ქვის სროლას უფრო მეტ დროს უთმობენ ვიდრე თანადგომას… ვიღაცები ლანძღავდნენ იმ უბედურ დედას და ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ! მეც პტარა ნიკოლოზი მყავს 3 წლის და ღმერთმა არ იცის იმ ქალის გულში რა ტრიალებდა როცა ბავშვი სკვერში დატოვა”- უთხრა “ნიუპოსტს” მარიამ დალაქიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიტოვებული ჩვილის დედის მოძებნისა და დახმარების ინიციატივა გამოიჩინა.

საბედნიეროდ, დალაქიშვილს ბევრი თანამოაზრე აღმოაჩნდა და ისინი მზად არიან იზრუნონ დედაზე და ჩვილზე.

მისი თქმით, არის კონკრეტული ადამიანი, ვინც პატარას და მის დედას საცხოვრებელ ფართს დაუთმობს.

შეგახსენებთ, ახალშობილი გუშინ თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს, რომელიც დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიებას დედის ვინაობა ჯერ არ დაუდგენია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ჩვილს თან წერილიც ახლდა:

„ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მაგრამ არ შემიძლია შვილს მოვუარო. მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. ჯერ ისე პატარა და ისე უმწეოა… თუმცა, ის შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული. ჩემი პატარას მიტოვება იძულებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობ ამას მაიძულებს. დღეს მხოლოდ 1.60 ლარი მქონდა, კალათში ვტოვებ ორ ცალ პამპერსს.

შვილო, როცა გაიზრდები ალბათ, მაპატიებ, სიცოცხლის ბოლო წამამდე შენზე ვიფიქრებ და ცრემლს არ გავიშრობ, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე, რომ სადღაც, თუნდაც ჩემგან შორს ცოცხალი ხარ. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით კარგი ადამიანების ხელში მოხვდები.

არ ვიცი ჩემი დანაშაულია თუ არა, რომ არ მაქვს ელემენტარული თანხა რომ მოგიარო. შენ ხომ იცი ჩემო პატარავ, რომ უკვე მესამე დღეა მშიერი ვარ, მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი. იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც. შენთვის ვილოცებ“ – წერს ახალშობილის დედა.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი