დაიჭერენ თუ არა მიხეილ კალანდიას-ახალი სკანდალური დაკავებები ხორავას ქუჩის საქმეზე

კალანდია

51-ე სკოლის მოსწავლეების დახოცვის ფაქტზე ახალი სკანდალური დაკავებები დაიწყება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ხორავას ქუჩის დახოცვის საქმეზე ერთი არასრულწლოვანი ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავა. ზაზა სარალიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ არასრულწლოვნის დაკავება საკმარისი არ არის და ის მიხეილ კალანდიას დაკავებასაც ელის.

უწყება ასევე დააკავებს ყველა იმ მოწმეს, რომლებმაც გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს და მოწმეებზე ზეწოლა ან მოსყიდვა განახორციელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ, როგორც გამოძიებით დადგინდა, დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულმა დ.ღ -მ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

სამინისტროს ცნობაში ნათქვამია ასევე, როგორც გამოძიებით დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილ დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, შესაბამისად, მოწმე დ.ღ.-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას.

ზაზა სარალიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ არასრულწლოვნის დაკავება საკმარისი არ არის და ის მიხეილ კალანდიას დაკავებასაც ელის. სარალიძე ამბობს, რომ სწორედ ამ არასრულწლოვნის გამო დაიწყო ჩხუბი და სარალიძე ხორავას ქუჩაზე მის დასახმარებლად წავიდა.

სარალიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ არ არის გამორიცხული, კიდევ რამდენიმე არასრულწლოვნის დაკავება მოხდეს. მისი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური სამმართველო სწორ კვალზე დგას და უახლოეს დღეებში ხმაურიან დაკავებებს ელის.

“ეს არ არის საკმარისი, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია. ველი მიხეილ კალანდიას დაკავებასაც. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კიდევ რამდენიმე არასრულწლოვნის დაკავება მოხდეს. ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.

“ეს არის ის პირი, ვის გამოც მოხვდა ჩხუბში ჩემი შვილი. მის გამო იყო წასული ჩხუბში. სასამართლოში ჩვენების მიცემამდე შემხვდა და სრულიად სხვა ინფორმაცია მომაწოდა, შემდეგ კი საერთოდ ჩემთან შეხვედრა უარყო სასამართლო პროცესზე”, – ამბობს ზაზა სარალიძე.

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედა აცხადებს, რომ თავისი შვილი უდანაშაულოა და მას ცრუ ჩვენება არ მიუცია სასამართლოსთვის. მშობლის განცხადებით, ის ყველგან, “სადაც საჭირო იყო”, ერთსა და იმავე ჩვენებას იძლეოდა.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი