დავით ართმელაძე – დავიწყებული გმირი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, სოფლის ცენტრში მდებარე საუკუნოვანი ჭადრების ულამაზეს ხეივანში, სადაც ადრე სასაფლაო ფუნქციონირებდა, დასაფლავებულია ნოე ჟორდანიას მთავრობის გენერალი დავით ართმელაძე.

დავით ართმელაძე გახლდათ ისეთი ცნობილი გენერლების თანამებრძოლი და უახლოესი მეგობარი, როგორებიც იყვნენ: მაზნიაშვილი, კვინიკაძე, ანდრონიკაშვილი.

იგი გამორჩეული პიროვნება იყო საქართველოს ისტორიაში, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ღვაწლი, გარკვეულ მიზეზთა გამო, დავიწყებულია.

დავით ართმელაძემ, მწერალმა და გენერალ-მაიორმა, დააარსა სამხედრო სასწავლებლები ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში.

სწორედ ლანჩხუთის წიაღიდან წამოსული ამ ღირსეული ადამიანის უკვდავსაყოფად, წარმოშობით ქვიანელი ისტორიკოსის, გოგი ფირცხალაიშვილის ძალისხმევით, რომელიც ბათუმში მოღვაწეობს, დადგინდა ის ადგილი, სადაც გენერალ-მაიორ ართმელაძის ნეშტია დასაფლავებული.

ბატონი გოგის დიდი სურვილია, მომავალში იქ ქართველი მამულიშვილების ხსოვნის მემორიალი დაიდგას, რომელიც უკვდავყოფს ღირსეული ადამიანების ხსოვნას. გარდა ამისა, მას სურს აქ იმ თანასოფლელთა ობელისკიც დაიდგას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ.

გოგი ფირცხალაიშვილი და მისი მეგობრები მიზნად ისახავენ იმ ეპოქის ისტორიის შემქმნელი ადამიანების შესახებ ყველა ცნობა მოიძიონ და ქართველ ერს სრულყოფილი სახით შემოუნახონ მათი გმირობის, თავდადების ამსახველი მასალები. მათ გეგმებში შედის, ასევე, დოკუმენტური ფილმის გადაღებაც.

სწორედ, გოგი ფირცხალაიშვილმა გვიამბო დავით ართმელაძის ცხოვრების ზოგიერთი ეპიზოდის  შესახებ:

დავით ართმელაძე დაიბადა 1865 წელს, სოფელ ქვიანში, გურული თავადის, ადამ ართმელაძის ოჯახში.  იგი  20 წლის იყო, როცა  სამხედრო სასწავლებელში, კადეტთა კორპუსში  ჩაირიცხა. შემდეგ მსახურობდა მეფის რუსეთის არმიაში. იყო რუსეთ-იაპონიის და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. მას მიღებული აქვს წმინდა გიორგის ჯვარი და საბრძოლო დიდების ხმალი.

გენერალი ართმელაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს 1915 წლის საბრძოლო მოქმედებებისას, რა დროსაც დაიჭრა,  გარდაუვალი სიკვდილისგან ღვთისმშობლის მედალიონმა იხსნა, რომელსაც ყოველთვის თან ატარებდა _ როგორც აღმოჩნდა, ნასროლი ტყვია მედალიონს მოხვდა და აისხლიტა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ართმელაძე ერთ-ერთი იყო, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ქართული არმიის შექმნაში. 1918-21 წლებში საქართველოს სამხედრო ძალების პირველ დივიზიას მეთაურობდა, იყო სამხედრო საბჭოს წევრი. ბათუმის ეპოპეის ჩათვლით, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წელს, გენერალ მაჭავარიანთან ერთად, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, მცირერიცხოვანი ძალებით, სოხუმის მიმართულებით იბრძოდა, შემდგომ კი უკან დახევით სამტრედიაში მოხვდა. სწორედ, აქ მიიღო მან გენერალ მაზნიაშვილისგან ინფორმაცია ბათუმში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც თურქები იყვნენ შემოჭრილები  და  1500 კაციან მოხალისე ჯგუფთან ერთად, რომელიც თავად შეკრიბა, 1921 წლის 16 მარტს  ბრძოლის ამ ხაზს შეუერთდა.

ბათუმი ორ საბრძოლო უბნად იყო დაყოფილი და სწორედ, ერთ-ერთს ხელმძღვანელობდა გენერალი ართმელაძე. ქართულმა ჯარმა მოახერხა თურქების ბათუმიდან განდევდა. როგორც თავად გენერალი მაზნიაშვილი აღნიშნავდა, ამ ბრძოლაში 84 ქართველი დაიღუპა, რომელთა შორისაც იყო გენერალ ართმელაძის თანასოფლელი ნიკოლოზ წულაძე, რომელიც მოხალისედ იბრძოდა. წულაძის ნეშტიც, გენერლის მახლობლად, სოფლის ჭადრების ხეივანშია დასაფლავებული.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვა გენერლებთან ერთად, დავით ართმელაძეც მონაწილეობდა საქართველოში წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლების შექმნაში, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბოლო დოკუმენტაცია, რომელიც ართმელაძის შესახებ ინფორმაციას ინახავს, 1927 წლითაა დათარიღებული _ ირკვევა, რომ მან შესაბამისი სამხედრო ატესტაცია გაიარა.

1927 წლის შემდეგ, გენერალ-მაიორ ართმელაძის  შესახებ არანაირი ცნობები არ მოიპოვება _ სავარაუდოდ, იგი სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა.

რაც შეეხება დავით ართმელაძის პირად ცხოვრებას, იგი საკმაოდ გვიან _ 1908 წელს დაქორწინდა სოფიო წულუკიძეზე, რომელთანაც 1909 წელს შეეძინა ქალიშვილი ნინა, ხოლო 1911 წელს  _ ვაჟი ილია.

შემდგომში ნინა ართმელაძე ცოლად გაჰყვა აკაკი შანიძის ვაჟს. სწორედ, შანიძეების ოჯახში ინახება დღესაც ღვთისმშობლის  მედალიონი, რომელმაც გენერლის სიცოცხლე იხსნა.

რაც შეეხება ილია ართმელაძეს, იგი წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი იყო.

loading…

პოპულარული

პრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე - კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ
რუსთავში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - მამაკაცის მდგომარება უმძიმესია
კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის უფლებაა, მთავრობას სხდომი ჩანიშვნა მოსთხოვოს - "სამწუხაროდ, ბახტაძეს და მის წინამორბედებს არ აქვთ გათავისებული რა არის სახელმწიფოებრივი საკითხები"
„ის რუსულ პროპაგანდასა და კრემლზე მუშაობს“ - ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი სალომე ზურაბიშვილზე
„ოცნების“ საარჩევნო რეპრესიები - საბავშვო ბაღების პედაგოგებს აიძულებენ, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ
"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - ლალი მოროშკინა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება
"ბათუმის ერთ-ერთ კერძო ბაღში ბავშვმა ბავშვი მძიმედ დაკბინა... მასწავლებელმა და დირექტორმა ფაქტი მშობელს დაუმალა"
"სკანდალი - ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო გუგული მაღრაძის დისშვილია"
"თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა"- რა ინციდენტი შეემთხვა საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე
დაწერე კომენტარი