“გურამ ამირხანაშვილი არის მკვლელობის პირდაპირი მოწმე..“-ახალი დეტალები შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში

ამირხანაშვილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დღეს ე.წ. ოქროს მოწმეს, დაზარალებულ გური ამირხანაშვილს უსმენენ.

ორივე ეპიზოდზე ორი პროცესი მცხეთასა და თბილისში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.

გურამ ამირხანაშვილი ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა და კომენტარი არ გაუკეთებია. მისი უფლებადამცველი ინგა ჩალაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, კიდევ ერთხელ ზედმიწევნით გაიხსენოს მომხდარი და მისცეს ჩვენება.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გური ამირხანაშვილი საქმეში ყველაზე არასანდო მოწმეა და სასამართლოს მხარეებს ის ვერ მიაწვდის რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

გური ამირხანაშვილს გამოძიებისთვის 5 ჩვენება აქვს მიცემული, ხუთივე ჩვენება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის პირდაპირი მოწმეა, რომელსაც 5 ბრალდებულთან დაკავშირებით აქვს ინფორმაცია.

“გურამ ამირხანაშვილი არის მკვლელობის პირდაპირი მოწმე, რომელსაც იმ ხუთ ბრალდებულთან დაკავშირებით გააჩნია ინფორმაცია. რაც შეეხება მკვლელობის ნახვას, მკვლელობა მას არ უნახავს,”- აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ქათამაძე იკითხება, რომელიც საქმეში ერთ-ერთი დაზარალებულია. მას “მერსედესის” მგზავრები გაუსწორდნენ, სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებმა უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, თუ რა დაზიანებები ჰქონდა გიორგი ქათამაძეს.

თავად ქათამაძემ სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

„რუსთავი 2“

დაწერე კომენტარი