ომის გმირები: იოსებ მეხატურიშვილი

ioseb_mexaturiSvili

ის თავის სახლთან ერთ კილომეტრში მოკლეს რუსებმა – გორის სატანკო ბაზის დაბომბვისას. იოსებ მეხატურიშვილი მშობლებისთვის მესამე ბიჭი იყო. ორი ძმა ფრონტის ხაზზე იბრძოდა. ჯერ ერთი წავიდა ჯარში კონტრაქტით, მერე – მეორე. არ უნდოდა დედას მესამე შვილიც გაეშვა ჯარში. „ვეუბნებოდი, არ წახვიდე, შვილო, სამ შვილს ქორწილში არ გაგზავნის დედა და მე როგორ უნდა გაგგზავნოთ ჯარში-მეთქი. არ მინდოდა, რომ სამივე ჯარში ყოფილიყო. მაინც შიში მიპყრობდა… რამდენიმე წლის წინათ დისშვილი მომიკლეს, რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ და… როცა იოსებს ვეუბნებოდი, ჯარში არ წახვიდე-მეთქი, მეუბნებოდა: ჯარში, რომ არ იყო, ხომ მაინც ისე მოხდა, რაც ეწერაო… რაც ადამიანს უწერია, არ ასცდებაო… ვეუბნებოდი, რამე რომ მოხდეს, წინა ხაზზე ჯარისკაცები მიჰყავთ-მეთქი… ვერაფრით ვერ გადავაფიქრებინე წასვლა…“ სოსო 21 წლის იყო, კონტრაქტით რომ წავიდა ჯარში. სულ 7 თვე იმსახურა. ორმოცზე დაბადების დღეზე გადაუხადეს – 22 წლის უნდა გამხდარიყო. თინა მეხატურიშვილი, სოსოს დედა: „გამორჩეული ბავშვი იყო შეხედულებითაც და ხასიათითაც, სიკეთით აღსავსე… მისგან ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი არ მახსოვს… კარგი მოსწავლე იყო, ლექსებსაც წერდა, ოღონდ არასოდეს არაფერს ინახავდა… ერთი ლექსი მისი საფლავის ქვას დავაწერეთ… სადაც არ უნდა მისულიყო, ყველას თავს ამახსოვრებდა თავისი სითბოთი…“ სამივე ძმა გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა. „სოსო ჯარისკაცურ ცხოვრებას ადვილად შეეჩვია და მოსწონდა… სახლიდან ბოლოს 6 აგვისტოს გავიდა. ყოველთვის, როცა სამსახურში მიდიოდა, ასე გვემშვიდობებოდა ხოლმე: აბა, კარგად იყავითო… იმ დღესაც ასე გამოგვემშვიდობა, დაგვკოცნა და წავიდა…“ მერე დაიწყო ომი. სოსო ბოლომდე გორში იყო ბაზაზე, მისი ძმები ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდნენ. „რამდენჯერმე შეახტა თურმე მანქანას, რომელსაც ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები მიჰყავდა და ჩამოუშვიათ… წამიყვანეთ, ჩემი ძმები იქ არიან და მე აქ რა მინდაო, ამბობდა თურმე, დედა მოუკვდეს… იმ ავბედით დღეს, სანამ ბაზას დაბომბავდნენ, ოცი წუთით ადრე მამამისი ელაპარაკა. უთქვამს, მამი, ყველაფერი კარგად არის, ჩვენები წინ მიდიან და ნუ გეშინიათ ნურაფრისო… ამ ლაპარაკიდან რამდენიმე წუთი არ იყო გასული, მამამისი გორაზე ავიდა. საკუთარი თვალით ნახა, როგორ გადაუფრინა ორმა რუსულმა თვითმფრინავმა იმ ადგილს, სადაც ბაზა იყო განთავსებული… აფეთქების ხმა რომ გაიგო, მიხვდა, რომ ბაზიდან ამოდიოდა ბოლი. ბაზა ჩვენი სახლიდან ერთ კილომეტრშია…“ – იხსენებს თვალცრემლიანი დედა. მამა იმ წუთას მანქანაში ჩამჯდარა და ბაზისკენ დაფეთებული გავარდნილა. ქუჩაში მეზობლის ბიჭს დაუნახავს, წინ გადასდგომია. გურამ მეხატურიშვილი, მამა: „დამინახა, რომ არაადამიანური სახე მქონდა და გადმომიხტა, კინაღამ მანქანა დავარტყი. რა გატირებს, ყველაფერი კარგად იქნებაო… ჩამიჯდა მანქანაში და ნაწილისკენ წავედით. ყველაფერს ცეცხლი ეკიდა, ბაზის ნასახი აღარ იყო… მე ვერ მივედი ახლოს, დამელოდეო, და ეს ბიჭი მივიდა ახლოს. იგვიანებდა და რამდენიმე ჯარისკაციც იდგა, შეშინებულები და დაბნეულები იყვნენ. რომ აგვიანებდა, მეც გადავედი და ამ ჯარისკაცებს ვკითხე, ხომ არ იცით, ცოცხალია თუ არა იოსები-მეთქი… ზოგი აქეთ გარბოდა და ზოგი – იქითო, მითხრეს. მერე მანქანამ გამოიარა ცხედრებით დატვირთულმა… ის ბიჭი ვეღარ ვნახე, ეტყობა, გაიგო, რომ ჩემი შვილიც აღარ იყო ცოცხალი და გამერიდა. ბევრს სცოდნია, რომ იოსები ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ არ მეუბნებოდნენ… ზოგი მამშვიდებდა, დაჭრილი იქნება და ნურაფრის გეშინიაო… ჰოსპიტალში მივვარდი, მაგრამ არავის არ უშვებდნენ. ჩვენი მეზობელი გოგო ჰოსპიტალში სისხლის გადასხმის განყოფილებაში მუშაობს, დავინახე, სასწრაფოთი მიდიოდა სისხლის გადასხმის სადგურისკენ, გამოვეკიდე, სასწრაფოდან რომ გადმოვიდა, სოსოს ამბავი ვკითხე, დამამშვიდა: ნუ გეშინია, ალბათ, დაჭრილი იქნებაო… არადა უკვე სცოდნია, რომ შვილი აღარ მყავდა და მიმალავდა, თქმას ვერ მიბედავდა… რომ შედიოდა, მივაძახე: ხათუნა, აბა შვილი დაიფიცე, რომ ჩემს თავს უბედურება არ არის-მეთქი და შეტრიალდა და შევიდა. მივხვდი, რომ უკვე აღარ მყავდა შვილი ცოცხალი… იქიდან ჰოსპიტალში წამოვედი… უკვე ხალხსაც უშვებდნენ. მაშინვე გადმოვასვენეთ. რამდენიმე დღის მერე უნდა დაკვეკრძალა, მაგრამ მეორე დღესვე დავკრძალეთ. ნახევრად ამოთხრილ საფლავში დავმარხეთ… ორივე ბიჭი მოტყუებით ჩამოვიყვანეთ. უფროსმა შუათანა მოტყუებით ჩამოიყვანა სახლში. შუათანა იმ დროს ფხვენისში იდგა, სოსოს ურეკავდა, მაგრამ რაღას უპასუხებდა… ბოლოს ჩემთან დარეკა, უფროსმა ბიჭმა უპასუხა… 21-ე დღეს ქალაქის სასაფლაოდან ჩვენს სასაფლაოზე გადმოვასვენეთ, საფლავი ამხანაგებმა და ძმებმა გაუჭრეს…“ დედა: „არ მანახვეს ჩემი შვილი, ისეთი გახსოვდეთ, როგორიც იყოო… ჩადგმული ბიჭი იყო, ას კილომდე იქნებოდა… სანამ ეს უბედურება მოხდებოდა. ერთი კვირით ადრე სულ აფორიაქებული ვიყავი. ყაზარმული რომ გამოცხადდა, წარმოუდგენლად საშინელ მდგომარეობაში ვიყავი – ჯარში მყავდა სამი ბიჭი, ჩემი ძმისშვილი, 239 დისშვილი… მთელი ღამეები არ მძინებია, რძალთან ერთად ტელევიზორს ვიყავი მიჯაჭვული. უფროსი ბიჭი აქვე ცხოვრობს, ჩავდიოდი და მეორე რძალს ვაწყნარებდი, თან რძლებს იმასაც ვერ ვეუბნებოდი, თქვენს ქმრებს არ დაურეკოთ, იქნებადა რა სიტუაციაში არიან-მეთქი…“ სოსოს მშობლებმა, რძლებმა და ბავშვებმა გორი 8 აგვისტოს ღამით დატოვეს. სოფელს შეაფარეს თავი. დედას გული ცუდს უგრძნობდა. ავი წინათგრძნობა არ ასვენებდა. „ვგრძნობდი, რომ სამი შვილიდან ერთ-ერთს უბედურება უნდა მოსვლოდა… ისე ვიყავი, რომ მინდოდა, რაღაც დამეგლიჯა…“ ბაზის დაბომბვის ამბავი რომ გაიგო, აღრიალდა… „სოსო მომიკლეს-მეთქი, მოვთქვამდი. მაწყნარებდნენ, ჯერ ხომ არაფერი არ ვიცით, წინასწარ რატომ ტირიო… რეკავდნენ სოსოს ტელეფონზე და არ პასუხობდა, მაწყნარებდნენ, იქნება ტელეფონი ამოუვარდა ან სადმე ტენისო… მაწყნარებდნენ და ვერ მაწყნარებდნენ, ავიტეხე, მომიკლეს შვილი-მეთქი. ვეღარსად ვახერხებდით დარეკვას, მარტო სოსოსთან გადიოდა და არავინ პასუხობდა, ბოლოს ძლივს დავრეკეთ ჩემს ქმართან. მივახალე, სოსო მომიკლეს- მეთქი? არც ვიცი, რა მიპასუხა… წამოვედი გორში. ცხედარი დამხვდა უკვე…“ თავზარდაცემულ დედას ტკივილი დღემდე არ განელებია. ყოველდღე აკითხავს შვილის საფლავს… „ტირილით ვიღვიძებ და ტირილით ვიძინებ. თითქოს ველოდები… პირველი ხელფასი რომ აიღო, სანამ შინ მოვიდოდა, მეზობლის ქალს შეხვედრია. იმ ქალს ფინანსურად უჭირს, ორი ოცლარიანი მიუცია, თურმე არ ართმევდა, მაგრამ ძალით დაუტოვებია მაინც… სახლში მოვიდა და მე ჩამაბარა მთელი ხელფასი. მანქანისთვის აგროვებდა ფულს. ხელფასს რომ აიღებდა, რძალს ეტყოდა ხოლმე, აბა, ახლა ვის რა გინდათ, რას ისიამოვნებთო… ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. ჯარში წასვლამდე ერთი პერიოდი მამამისის მანქანითაც ტაქსაობდა. იტყოდა ხოლმე, მიიხედ-მოიხედეთ და ნახეთ, თუ 20 წლის კაცი ვინმე ტაქსაობდესო… ერთი პერიოდი „ლაფატკაზეც“ მუშაობდა, არ თაკილობდა არაფერს… სამომავლო გეგმა ბევრი ჰქონდა. მანქანა უნდა ვიყიდო და მერე მოვიყვან ცოლსო, მაგრამ არც ერთი არ დასცალდა… შეყვარებული ჰყავდა და დაოჯახებას აპირებდა… შეყვარებული ერთი წელი ყოველ ცხრა რიცხვში საფლავზე ყვავილებით მიდიოდა… გორელი გოგო უყვარდა…“ დღეს სოსოს საფლავის ქვაზე ამოკვეთილია სოსოს ლექსი: „თუ მეგობრისთვის ბრძოლაში თავი არ გინდა გასწირო, მაშინ მაგ მხრებზე ეგ თავი, სულაც არ არის საჭირო“.

loading…

პოპულარული

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, რომელზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა, გარდაიცვალა
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
დაწერე კომენტარი