ომის გმირები: გელა მებაღიშვილი

gela_mebagishvili

როცა მოვკვდები და აღარ ვიქნები, რად მინდა თქვენი ვარდი და ია, ჩემი საფლავის ქვაზე დაწერეთ, ჩემი მოკლული რუსების სია…“ ეს ლექსი გელა მებაღიშვილმა თავის 11 წლის ბიჭუნას ტელეფონით წაუკითხა 10 აგვისტოს, გამთენიისას… დათო მებაღიშვილი: „ეს ლექსი გათენებამდე მითხრა. აი, რომ აბობდნენ, რუსები უნდა შემოვიდნენ თბილისშიო. ბოლოს მე მელაპარაკა და ვიცოდი, რომ საქმე აღარ იქნებოდა კარგად… მითხრა, მარიკოს კარგად მოუარე, მე რომ რამე მომივიდეს, მაგის მამა შენ უნდა იყოო… მივხვდი, რომ საქმე აღარ იყო კარგად…“ პატარა მარიამი, რომელიც მამამ თავის ვაჟს ჩააბარა, სულ 7 თვის იყო, ახლა მარიამი წლინახევრისაა, დათუნა კი – 12 წლის. როცა ჰკითხავ, რა გამოხვალო? მტკიცედ გპასუხობს: „რა თქმა უნდა, ჯარისკაცი“. „მამას რომ ვეტყოდი, მეც ჯარისკაცი უნდა გამოვიდე- მეთქი, მეუბნებოდა, მე შენი შვილიშვილის ვალიც მოხდილი მაქვს, შენ არ უნდა წახვიდე ჯარშიო…“ ასე კი ეუბნებოდა, მაგრამ ბიჭი მამას ხშირად დაჰყავდა ჯარში, უყვებოდა იარაღზე, ჯარის ცხოვრებაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეგობრებზე, თვითონაც უხაროდა და ბიჭსაც უხაროდა მამის გვერდით ყოფნა, ამაყობდა მამის ჯარისკაცობით. ამაყობდა და დღესაც ამაყობს და მუდამ იამაყებს. მამამისს კარგი ბავშვობა ჰქონდა. დაიბადა და გაიზარდა ყვარელში, სოფელ გავაზში, მისდევდა სპორტს, მოჭიდავე იყო, ძიუდოისტი, საქართველოს ჩემპიონიც ყოფილა. საზღვარგარეთ გამართულ შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა, მერე იყო აფხაზეთის ომი, სავალდებულო სამხედრო სამსახური, მშობლიურ სოფელში დაბრუნება და სამსახური – საწარმოო რგოლის დირექტორობა. და აი, იქ გაიცნო თანამშრომლის 14 წლის გოგონა. გოგონა ადრეც იცნობდა მას, ოღონდ როგორც მოჭიდავეს, ხშირად ხედავდა სოფელში, საჭიდაო წრეში, ახლა კი სხვა წრე შეიკრა მათ შორის, ერთმანეთი შეუყვარდათ და ინგა 9 წლით უფროს გელას ჩუმად გაჰყვა – გაიპარა. ინგა: „ჩვენს შორის ძალიან დიდი სიყვარული იყო, რამაც გადამაწყვეტინა ასე პატარას გათხოვება… ძალიან კარგი ადამიანი იყო, ფაქტობრივად, ბავშვივით მზრდიდა. მზად არ ვიყავი ოჯახის შესაქმნელად. ერთად ვსწავლობდით, ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, შეთანხმებით, ძალიან ტკბილად. შემდეგ დაიბადა დავითი. ჯერ სოფელში ვცხოვრობდით, მერე სამსახური უკვე აღარ ჰქონდა გელას და თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. 2000 წლიდან „კომანდოს“ ბატალიონში დაიწყო მუშაობა კონტრაქტით. აფხაზეთის ომში იყო ნაბრძოლი, ბევრი მეგობარი ჰყავდა დაღუპული, სულით ჯარისკაცი იყო და გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაზე საუკეთესო სამსახური ჯარი იყო. მეც და მშობლებიც წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ თქვა, მორჩა, მე მივდივარ ჯარშიო და წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. მერე მეც მომწონდა მისი სამსახური, მომწონდა, რომ საქვეყნო საქმეს აკეთებდა, მაგრამ ძალიან რთული იყო ჩვენი ცხოვრება, იყო დღეები, როცა სახლში ვერ მოდიოდა, სწავლებებზე იყო წასული და მე და დათუნა სახლში მარტო ვიყავით. კონტრაქტს რომ ვადა გაუვიდა, ვწუწუნებდი, ვთხოვდი, რომ სხვაგან დაეწყო სამსახური, ჰქონდა კიდეც საშუალება, რომ სხვაგან დაეწყო, მაგრამ არაფრით არ ქნა, ჩემთვის ერთადერთი სამსახური ეს არისო… ერაყშიც იყო, ერაყიდან დაბრუნების შემდეგ მეოთხე ბრიგადაში, 41-ე ბატალიონის მესამე ასეულის სერჟანტად მსახურობდა. დათუნასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, არანაირად არ იყო მკაცრი მამა. უყვებოდა თავის ამბებს, რა და როგორ იყო ქვეყანაში, როგორ დაკარგა მეგობრები აფხაზეთის ომში, დათუნას პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიდა… დათუნა უკვე ათი წლის იყო, მეორე შვილის გაჩენა რომ გადავწყვიტეთ. სულ წლებს ითვლიდა, „მე ამხელა ვიქნები, დათო ამხელა, ის ძალიან ძალიან პატარა იქნებაო“. სულ წლებს ითვლიდა… ალბათ, გული ცუდს უგრძნობდა… მარიამს „მამას გოგონიას“ ეძახდა, რაც არ უნდა დაღლილი მოსულიყო, გადაივლებდა თუ არა წყალს, შეიყვანდა საძინებელში, ეფერებოდა, ეთამაშებოდა…“ გელას ოჯახური იდილია მალე დასრულდა. ვიდრე ომში წაიყვანდნენ, ბოლო დღეებში დათოც თან დაჰყავდა ჯარში. 6 აგვისტოს ვაზიანიდან რომ დაბრუნდნენ, დათომ სახინკლეში წაყვანა მოსთხოვა მამას. ინგა: „მეც მთხოვა გელამ, რომ წავყოლოდი, მაგრამ პატარას გამო თავი შევიკავე, მარიამი პატარა იყო და საღამოს გვიან არ გაგვყავდა გარეთ, დათო და მამამისი წავიდნენ, მალევე დაბრუნდნენ… დაიძინა, ტელეფონები, როგორც ყოველთვის, ჩართული ჰქონდა… ღამის 2 საათზე საშინელი ზარები ატყდა, არ ვიცოდი, რა ხდებოდა, არ მინდოდა, ღამე წასულიყო და მოვიმიზეზე, ნასვამია, სძინავს-მეთქი, იქნებ თავი დაენებებინათ… მაგრამ მითხრეს, აუცილებელია, თუ ვერ აღვიძებთ, თვითონ მოვაკითხავთ და გავაღვიძებთო… გავაღვიძე… სახლიდან რომ გადიოდა, საოცრად ნაღვლიანი იყო, ალბათ, გრძნობდა, რომ უკანასკნელად გადიოდა სახლიდან… მარიამი გააღვიძა, ჩაეხუტა, დაემშვიდობა, ყველას დაგვემშვიდობა, საერთოდ, არასოდეს გადიოდა სახლიდან დაუმშვიდობებლად, ამბობდა, რომ ჯარისკაცის ცხოვრება ისეთია, ყოველთვის შეიძლება ყველაფერი მოხდესო… იმ დღეს არ წაუყვანიათ ომში, ვაზიანში იყო, ხშირად რეკავდა, მამშვიდებდა, აქ ვარ, ვაზიანშიო. მერეც, როცა უკვე ცხინვალში იყო, მაშინაც არ მეუბნებოდა სიმართლეს, ისევ მამშვიდებდა, ნუ გეშინია, მე იქ არა 101 ვარ, არაა ჩემი ჯარი ისე გაწვრთნილი, რომ პირველ ხაზზე ვიყოთო. ბოლოს, ათი რომ დაიწყო, მაშინ მელაპარაკა, მითხრა, ნუ გეშინია, მე მაინც დავბრუნდებიო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. მერე საერთოდ გათიშა ტელეფონი. იმიტომ, რომ თურმე დაბომბვა დაიწყო და მეგობრებისთვის უთქვამს, ხმას გაიგებს და უკვე მიხვდება, ვერანაირად ვეღარ მოვატყუებო. იმ ღამეს გადარჩა. ათში, დილით, 11 საათიდან 12 საათამდე აფეთქდა ნაღმზე… იმ ღამეს ალყაში იყვნენ მოქცეულები, თვითონ გამოვიდნენ, გამოარღვიეს ალყა. მაგრამ ერთი მეგობარი დაიჭრა, ფეხი მოაგლიჯა ყუმბარის ნამსხვრევმა, გელამ თვითონ შეუხვია ჭრილობა, ბიჭი გონზე იყო და იხვეწებოდა, აქ ნუ დამტოვებთო. გელამ ის ბიჭი ორ ბიჭს ჩააბარა, გამოიყვანეთო… შემდეგ სამშვიდობოს გამოსულმა ის ბიჭები ნახა, მაგრამ ვერ ნახა დაჭრილი მეგობარი. რომ მოიკითხა, სად არისო, გარდაიცვალა უკვეო. გელა მაინც შევიდა ასეულის ექიმთან ერთად, კი შევიდა, მაგრამ იმ ბიჭამდე ვეღარ მივიდა… დაჭრილის გამოსაყვანად რომ შესულან, გელას ექიმისთვის უთქვამს, შენ იქით წადი, მე აქეთ წავალო. ექიმი საითაც წავიდა, იქით არ იყო ნაღმი, საითაც გელა წავიდა, იქ იყო ნაღმი და გელა აფეთქდა… თვითონ ექიმიც საშინლად დაიჭრა, ხორცები ჰქონდა დაგლეჯილი. იმ ექიმმა ნახა გელა გარდაცვლილი, ერთადერთი ის იყო, ვინც ნახა, რომ ნაღმზე აფეთქდა… ექიმმა ვერ გამოიყვანა გელა, თვითონ დაჭრილი და განადგურებული იყო, ან როგორ გამოაღწია… მაშინვე კი თქვა, გელა მოკვდა, პულსი ვნახე და მკვდარი იყოო, მაგრამ მე მაინც ცოცხლებში ვეძებდი, გელას თანამებრძოლებიც მეუბნებოდნენ, მაგას ნუ უჯერებ, აგონიაშია, არაა სრულ ჭკუაზეო. არც იმათ უნდოდათ გელას სიკვდილის დაჯერება, არც მე… გელა ნოემბერში გადმოასვენეს, ბოლო 11 კაცი რომ გადმოასვენეს, მაშინ… გავიგე თუ არა, წავედი სანახავად. იქ ვინმეს ამოცნობა შეუძლებელი იყო, მაგრამ ექსპერტმა მითხრა, რომ ერთ- ერთს „გოლფის“ გასაღები ჰქონდა. გელას თან ჰქონდა წაღებული მანქანისა და სახლის გასაღები… მაჩვენეთ- მეთქი. ჩვენი გასაღები იყო, სამწუხაროდ… დამამშვიდეს, შეიძლება სულ სხვასთან აღმოჩნდა სხვისი გასაღები, ან სულაც სხვისი გასაღებიაო. სამწუხაროდ, ჩვენი იყო. მოერგო ჩვენი სახლის კარსა და მანქანას. დეენემის პასუხი დაემთხვა. რატომღაც არ მეგონა, რომ ჩვენი სიყვარული ასე დამთავრდებოდა, საშინელებაა, ახსნაც არ შემიძლია, ხანდახან ვფიქრობ, რომ რახან გარდაცვლილი არ მინახავს, ცოცხალია, რომ სადღაცაა, ახლოს… არადა, რაც დროს გადის… არაა ახლოს, შორს არის… ჩვენგან…“

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი