გიორგი ალიბეგაშვილი დედაქალაქის მერის ანგარიშის წარდგენას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები სასტუმროში „რედისონი“ თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ, სადაც  დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას გასულ წელს განხორცილებული  ყველა მნიშვნელოვანი პროექტის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

cyc

დედაქალაქის მერმა 2016 წლის მთავარ პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და გამწვანებითი ღონისძიებები დაასახელა.

დავით ნარმანიამ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, როგორებიცაა კრწანისი შინდისის და სამება-მახათას ახალი გზის, კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთისა და პუშკინის ესტაკადის პროექტები.

პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა 2016 წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის „ახალი ტფილისი “ გამოყო და აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპზე ისაუბრა, რომელიც 2017 წელს განხორციელდება და რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.

თავის გამოსვლაში მერი მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს „Man Truck and Bus AG“ – ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება.

დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, დედაქალაქს 2017 წელს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება. პრეზენტაციაზე ყურადღება ბაგა-ბაღებზეც გამახვილდა.

ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს 7 ახალი ბაღი გაიხსნა და მიმდინარე წელს კიდევ 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება.

დედაქალაქის მერის 2016 წლის ანგარიშის წარდგენას საქართველოს პარლამენტის წევრები, დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს  წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი