„გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით“ – 15 წლის მოზარდი, რომელიც მდინარემ გაიტაცა, დარჩელის სკოლის მოსწავლეა

ტბა

15 წლის მოზარდს, რომელიც მდინარე ჯუმში ნახირის გადმოსარეკად შევიდა, ამ დრომდე ეძებენ. როგორც ირკვევა, მოზარდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გახლავთ და ამ სამწუხარო ფაქტს სკოლის დირექტორი, მარინე ცარციძე სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება:

„ზაალ, შვილო, რამ შეგიყვანა ამ ადიდებულ მდინარეში. რატომ გარისკე სიცოცხლით. ბავშვებო, იცოდეთ, სიცოცხლე მარტო თქვენი არაა, ის, პირველ რიგში, მშობლებისაა, და-ძმისაა, მეგობრისაა, ჩვენიცაა, მასწავლებლების. თქვენი ტკივილიანი წასვლით ყველას გვაკლდება დარდისაგან სიცოცხლის წლები. რა ქნას საწყალმა შენმა დედიკომ, მამიკომ, ძმამ. რა ვქნათ ჩვენ, შენ რომ აღარ შემოაბიჯებ სკოლაში და არ შემოგვცინებ ალალი, ოდნავ ეშმაკური ღიმილით. წუხელ ყველა სასწაულს ვთხოვდით უფალს, შენი დაბრუნების იმედი გვქონდა, დღეს კი ღმერთს ვთხოვთ შენი სხეულის პოვნას, რათა შენმა დედიკომ უკანასკნელად ჩაგიხუტოს გულში. შენ თამაშისა და გართობის დროს არ დაგემართა ეს უსაშველო უბედურება, საქონლის გამორეკვა გინდოდა, ჩემო შრომისმოყვარე ბიჭო. ალალმართალო, უცოდველო, ანგელოზო, ძაღლი მოგყვებოდა უკან, ალბათ გრძნობდა უბედურება გელოდა, არ მიგატოვა და თან გამოგყვა. ოი, უბედურო სიკვდილო, როგორ გაამწარე მთელი სოფელი. ასეთი ცოდვა კარგა ხანია არ დატრიალებულა, ყველა ტირის. ღმერთო, მიეცი ძალა მშობლებს გაუძლონ ამ საშინელ ტკივილს. გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით სიცოცხლეში“, – წერს მარინე ცარციძე.

დაწერე კომენტარი