„გენერალი ბორისოვი ცხინვალში დარბოდა და გენერალ დევი ჭანკოტაძის თავს ითხოვდა“ – რატომ ცდილობს რუსეთი ქართველ სამხედროებზე შურისძიებას აგვისტოს ომისთვის და რატომ დატოვა საქართველომ რუსეთი ჰააგაში მარტო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი და ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესი, სადაც რუსეთის ფედერაცია მოპასუხე მხარის, საქართველოს გარეშეა დატოვებული ტრიბუნალის წინაშე. როგორც ცნობილია, საქართველოს იმის დასამტკიცებლად, რომ 2008 წლის ომში აგრესორი იყო რუსეთი, არაფერს აკეთებს, რუსეთის ფედერაცია კი მთელი მისი ძალისხმევითა და სახელმწიფო ინსტიტუტებით, გაყალბების ბერკეტებითა და ცრუ მოწმეების ჩვენებებით ჩართულია ამ საკითხში.

ასევე ცნობილია, რომ საქართველოში ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები იმყოფებიან და ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ქართველ გენერლებს და სამხედრო პირებს კითხავენ, მათ შორის სამვარსკვლავიან გენერალს, დევი ჭანკოტაძეს. ამ ფონზე კი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, აკეთებეს განცხადებას, რომ ჰააგის სასამართლომ შესაძლოა ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვოს, განურჩევლად ეროვნებისა.

რას ნიშნავს ეს ყოველვე – აღნიშნულ საკითხზე „ნიუპოსტთან“ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს:

– თქვენ, როგორც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ შეაფასებთ იმ მდგომარეობას, რაც არსებულ სიტუაციაში ხდება? აქვს თუ არა ადგილი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ მიზანმიმართულ უარყოფით კამპანიას?

– რეალურად ხდება ის, რაზეც ბევრი საუბარი იყო 2012 წლიდან, როდესაც ჩვენთვის ნათელი იყო, რომ ეს ხალხი მოდის ხელისუფლებაში იმისათვის, რომ შეასრულოს რუსეთის დავალება, შეასრულოს ის ამოცანა, რომელსაც ვერ მიაღწია პუტინმა 2008 წელს ომით, თუმცა, ბევრი ადამიანი სამწუხაროდ იყო შეყვანილი შეცდომაში და ეს ბუნებრივია, თუმცა, უკვე ექვს წელიწადში, საქართველოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჭეშმარიტება და სიმართლე დაინახა.

სიმართლე არის ძალიან მძიმე 2008 წელს პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ ამოცანას, ვერ აიღო თბილისი, ვერ შეცვალა დემოკრატიული მთავრობა, 2012 წელს დაიწყო მეორე ეტაპი, რომლის მთავარი ამოცანაა, იყოს დასჯილი ყველა ის ადამიანი, რომელმაც 2008 წელს გაუწია წინააღმდეგობა რუსეთის ფედერაციას. გაუწია წინააღმდეგობა პირადად პუტინს. მედვედევიც და პუტინიც ამბობდნენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ იყოს დასჯილი ყველა ის ადამიანი, რომელიც დაუდგა მათ გზაზე და არ მისცეს საშუალება შეესრულებინათ თავისი ბოროტი ამოცანა.

– არის თუ არა ეს რუსეთის მხრიდან შურისძიების წყურვილი, იმის გამო, რისი გაკეთების უფლებაც მას 2008 წელს არ მისცეს და ხედავს თუ არა ერთგვარ დამხმარე ძალას ის დღევანდელ ხელისუფლებაში?

– ახლა ჩვენ ყველა ვხედავთ იმას, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი, თეა წულუკიანი, სალომე ზურაბიშვილი ასრულებენ რუსეთის მთავარ დავალებას და ასრულებენ ამოცანას, რომ დასაჯონ ყველა ის პატრიოტი ადამიანი, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში, მაგრამ არ შემოუშვეს რუსული ჯარი თბილისში და გაუწიეს წინააღმდეგობა, არ მისცეს საშუალება ტყვედ აეყვანათ ათასობით ქართველი, რომლებიც ცხინვალში ცხოვრობდნენ და სამწუხაროდ ბევრმა სიცოცხლის ფასად, ბევრმა ჯანმრთელობის ფასად, მაგრამ ამის საშუალება მაინც არ მისცეს.

ახლა რუსეთის ფედერაცია, მიუხედავად იმისა, რომ თავად თქვა, რომ არ აღიარებს ჰააგის სასამართლოს, აგზავნის ტონობით გაყალბებულ დოკუმენტებს, არარსებული მოწმეების ჩვენებებს და საქართველოს მთავრობამ ჰააგიდან გამოიყვანა ყველა თავისი იურისტი, ყველა თავისი წარმომადგენელი და მხოლოდდამხოლოდ ბატონობს რუსული გაყალბებული ჩვენებები.

გაიხსენეთ, რომ კოკოითი და რუსეთის ხელმძღვანელობა, პუტინი და მედვედევი, 2008 წელს ბევრს ყვიროდნენ გენოციდზე და ათასობით მოკლულ ადამიანზე ცხინვალში, შემდეგ დამტკიცდა რომ არანაირი ათასობით მოკლული ადამიანი არ არის, ეს საერთაშორისო საზოგადოებამ მაშინვე ნახა, თუმცა ათი წელი გავიდა და ბევრს დაავიწყდა. რუსეთი ახლა, ჩვეულებრივად, პრიმიტიულად, როგორც ყოველთვის ამ ბოროტების იმპერიას ახასიათებს, აყალბებს ამ დოკუმენტებს და აგზავნის არა არსებული ადამიანების ჩვენებებს, თუ როგორ იყო დარღვული ადამიანის უფლებები თურმე ჩვენი ჯარის მიერ.

– შეუძლია თუ არა ქართულ საზოგადოებას არსებულ ვითარებაში საკუთარი გმირების დაცვა?

– ახლა ქართველი ხალხის წინაშე დგას ძალიან მარტივი ამოცანა, და გადასაწყვეტია, ჩვენ 28 ნოემბერს ან მივცემთ საშუალებას, სალომე ზურაბიშვილმა, ქართულმა ოცნებამ, პუტინის რუსეთის ბოროტების იმპერიამ გაასამართლოს ის ხალხი, რომელმაც ჩვენ დაგვიცვა 2008 წელს, რომელმაც არ მისცა რუსეთს საშუალება შემოსულიყო თბილისში. ან ჩვენ ამ ხალხს დავიცავთ ისევე, როგორც ისინი ჩვენ გვიცავდნენ, ან ეს ხალხი აღმოჩნდება ჰააგის ტრიბუნალზე, იმიტომ რომ არსებულმა მთავრობამ უარი თქვა მათ დაცვაზე და სახელმწიფოს დაცვის გარეშე, თითქმის გარანტირებულია, რომ ეს ხალხი იქნება გასამართლებული, იმიტომ, რომ ჰააგის სასამართლოში იმდენად ძლიერად მუშაობენ რუსეთის იურისტები, სახელმწიფო მონაწილეობს მტკიცებულებების გაყალბებაში, რუსეთის ფედერაცია, როგორც სახელმწიფო მოქმედებს, სამთავრობო ინსტიტუციებია ჩართული რუსეთის მხრიდან, როდესაც საქართველოს, ადვოკატიც კი არ გაუგზავნია იქ. ან დავიცავთ ჩვენ ამ ხალხს 28 ნოემბერს და ავირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც შეძლებს ჰააგაში ამ ხალხის დაცვას, ან ეს ჩვენი გმირები იქნებიან გასამართლებული, როგორც სამხედრო დამნაშავეები, რაც იქნება ყველაზე დიდი ღალატი, რომელიც ოდესმე ყოფილა საქართველოში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს სახელმწიფომ გაყიდოს თავისი მებრძოლები და თავისი დამცველები.

– ვინ არის დევი ჭანკოტაძე? რა დამსახურება აქვს მას საქართველოს წინაშე და რატომ სურს რუსეთის ფედერაციას მისი გასამართლება?

– ვინ უნდა რომ გაასამართლოს? რუსეთს უნდა, რომ გაასამართლოს დევი ჭანკოტაძე, სამვარსკვლავიანი გენერალი, უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა იცავს სამშობლოს. მას ერთადერთი მიზანი აქვს, დაიცვას თავისი სამშობლო. როდესაც დაჭრილი იყო გენერალი ხრულიოვი, გენერალი ბორისოვი დარბოდა ცხინვალის რეგიონში და დევი ჭანკოტაძის თავს ითხოვდა. გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთი ამოცანით იყო შემოსული, რომ ფიზიკურად გაენადგურებინათ დევი ჭანკოტაძემ და მან ეს იცოდა, მას ერთი წამითაც არ დაუტოვებია ბრძოლის ველი და ამ ადამიანის გასამართლებას ითხოვს რუსეთი, რადგად გრუ-ს დახმარებით, არმიის მეშვეობით ვერ მიაღწიეს ამას. ახლა ამას აღწევენ ზურაბიშვილის და ქართული ოცნების ხელით. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს ამაზე, სამვარსკვლავიანი გენერლის თავს ითხოვს რუსეთის ფედერაცია, ეს არის მებრძოლი გენერალი, ეს არ არის პარკეტის გენერალი, როგორც ახლა არის ზოგიერთი. ეს არის მებრძოლი გენერალი, რომელიც მთელი ცხოვრებაა იბრძვის საქართველოს დასაცავად. რატომ სურდა რუსეთს დევი ჭანკოტაძის განადგურება? იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ზარალი ვინც მიაყენა მას იყო დევი ჭანკოტაძე. საქართველოს არტილერია ათასი თავით მაღლა იდგა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, ყველაზე დიდი ზარალი რაც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ამ საბრძოლო მოქმედებებში, იყო მიყენებული ჩვენი არტილერიით, რომლის სარდალი ამ მომენტში იყო დევი ჭანკოტაძე.

რუსეთის ფედერაცია ითხოვს მამუკა ყურაშვილის თავს. გენერლის, რომელიც ხელმძღვანელობდა ჩვენს სამშვიდობო ქვედანაყოფებს ცხონვალის ზონაში, ადამიანის, რომელმაც შეიძლება ომის პერიოდში არასწორი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, მაგრამ ვიფიქროთ, რა სიტუაციაში იყო გენერალი ყურაშვილი. ის თავისი თვალით ხედავდა როგორ კლავდნენ მის მეგობრებს, თანამებრძოლებს, უკვე 2 აგვისტოს ათობით დაჭრილი იყო ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, ჩვენს სამშვიდობოებში, გენერალი ყურაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში სიკვდილს თვალებში უყურებდა, იმ მომენტში შეიძლება პოლიტიკური განცხადება არასწორი იყო მისი მხრიდან, თუმცა, ეს ხომ პოლიტიკოსი არ არის, ეს არის გენერალი, რომელიც სიკვდილს უყურებს თვალებში, რომელიც დგას წინა ხაზზე, არ იმალება თავისი მებრძოლების უკან, არ ტოვებს საბრძოლო ველს და ამ მომენტში შეიძლება არასწორი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ყველაფერი სწორად გააკეთა და ვფიქრობ, არასწორი პოლიტიკური განცხადებები ამ კაცს ეპატიება, იმიტომ, რომ ის იცავდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს.

რუსეთის ფედერაცია ითხოვს იმ ჩვენი არტილერისტების გასამართლებას, რომლებმაც მიაყენეს უზარმაზარი ზარალი რუსეთის შეუარაღებულ ძალებს. პირდაპირ ითხოვენ სპეცდანიშნულების რაზმის, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების და ჯარისკაცების გასამართლებას, რომლებმაც დაჭრეს გენერალი ხრულოვი. რუსეთის გენერალი, პირველად თავის ისტორიაში, გარბოდა და უკანა ნაწილში იყო დაჭრილი ჩვენი მებრძოლების მიერ. ამ ხალხის გასამართლებას ითხოვს რუსეთის ფედერაცია, ხელს უწყობს ამას ზურაბიშვილი და ერთად მოქმედებენ ესენი. ახლა ანწუხელიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, მის გასამართლებას ხელს შეუწყობდა საქართველოს სახელმწიფო. ყველამ შეხედოს საკუთარ შვილს თვალებში და უპასუხონ კითხვაზე, ის ადამიანი, რომელიც ზურაბიშვილს ხმას მისცემს, მზად არის, რომ იცხოვროს ამ ტვირთით, მან მისცა ხმა ჩვენი გენერლების გასამართლებას და ჩვენი ოფიცრების გასამართლებას, რომლებიც ომობდნენ? და ხმას აძლევს ანწუხელიძის, ეროვნული გმირის ნათელი ხსენებისთვის ჩირქის მოდებას?

ნიუპოსტი

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი