გახელაძის ცოლის თქმით, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ მისი უდანაშაულობა დაადასტურა

გახელაძე

ზაზა გახელაძის ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლო სხდომის და გადაწყვეტილების მოლოდინშია. 

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

სუს-ის მიერ ოჯახისთვის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ე.წ სასამართლოში რიგით მეორე სხდომა დღეს, 25 იანვარს უნდა გამართულიყო. თუმცა, გახელაძის ოჯახის წევრებს დღევანდელი ე.წ პროცესის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა ფორმულას უთხრა, რომ ესაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოყოფილ ე.წ სახაზინო ადვოკატს, რომლის თქმითაც, მას პროცესის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

რაც შეეხება წინა სასამართლო სხდომას – ე.წ სახაზინო ადვოკატმა ბუთხუზმა უთხრა, რომ გამოიკითხა 3 რუსი ჯარისკაცი, რომლებმაც არ დაადასტურეს რეჟიმის მიერ წარდგენილ ბრალში ნათქვამი – მათ თქვეს, რომ გახელაძეს ჯარისკაცების მიმართულებით დამიზნებით არ უსვრია. 

“მტკიცებულებები და ჩვენებები ორივე მხარის მხრიდან ერთნაირი არისო. არ არის აცდენილი, ერთმანეთს ემთხვევაო. ერთი რუსი ამბობს, რომ ზაზას გამიზნულად არ უსვრიაო”. – თქვა ირმა ბუთხუზმა. 

“ძაღლის გასეირნების გამო 7 თვეა, დაჭერილია. თვითონაც იტანჯება და მისი ოჯახიც. იმ დღეს მამამისი ისე ცუდად გახდა, სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. ედავებიან საზღვრის უკანონოდ კვეთას, მაგრამ იქ არაფერი ბანერი არ არის. იქ ნებისმიერს, მეც შემიძლია, წავიდე და გადავიდე. თუ არ მეცოდინება, სანამდეა ჩემი მხარე და საიდან არის იმათი, ნებისმიერს შეუძლია იქით გადასვლა და მათი წაყვანა”. – ამბობს ზაზა გახელაძის ბიცოლა, იზო გახელაძე.

დაწერე კომენტარი