გარდაცვლილი მეშახტის შვილი ამბობს, რომ მამამისი გაგუდულია და ტანჯვით არის გარდაცვლილი – ტრაგედიისდეტალები

“როცა გავალებენ, ნახშირისთვის იქ შედი, სადაც შესვლა არ შეიძლება, რა უსაფრთხოება უნდა დაიცვა? არსებობს ვერსია, რომ ქვანახშირის მოპოვების მიზნით გეგმიური აფეთქება მოხდა, თუმცა მიწის ქვეშ მყოფი მუშები არ გააფრთხილეს”, – აცხადებენ მეშახტეები „რეზონანსთან”

16 ივლისს ტყიბულში დატრიალებური ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოებაში სულ უფრო მეტი ჩნდება კითხვები, რა ხდება მინდელის შახტში. რატომ არ სრულდება სიკვდილის ქრონიკა ქალაქში. ურთიერთ ბრალდებები და ვერსიები, თუ რა გახდა 4 მეშახტის გარდაცვალების მიზეზი. ტრაგედიის ადგილზე, მინდელის სახელობის შახტთან მეშახტეები შეიკრიბნენ. ისინი მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად გაუფრთხილებლობას ასახელებენ.

არსებობს ასევე ვერსია, რომ ქვანახშირის მოპოვების მიზნით გეგმიური აფეთქება მოხდა, თუმცა მიწის ქვეშ მყოფი მუშები არ გააფრთხილეს. მეორე ვერსიით კი ტრაგედია, გვირაბში მეთანის აირის დაგროვებამ გამოიწვია. მეშახტეები „რეზონანსთან” ყვებიან, რომ მინდელის შახტში უბანზე, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, წინა ცვლამ საშიშროების არსებობის გამო არ იმუშავა.

მათი განცხადებით, წინა სმენამ შახტა არ ააფეთქა, რადგანაც შიგნით გაზი იყო და რა ნახშირიც დახვდათ, ის მოაგროვეს და გამოიტანეს. მეშახტეები ამბობენ, რომ პრობლემა მარტივად მოგვარდება თუ სავენტილაციო სისტემა გამართულად იმუშავებს.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ტყიბულში არსებული ყველა შახტი დალუქულია.

გარდაცვლილების ოჯახის წევრები „რეზონანსთან” მომხდარის და მუშების დაღუპვის საზარელ ვერსიებს ჰყვებიან.

მეშახტის შვილი გაგა გამეზარდაშვილი აცხადებს, რომ მამამისი 35 წელი მუშაობდა შახტში. მას ამ ხნის განმავლობაში ერთი შეცდომაც კი არ დაუშვია და ფრჩხილიც კი არ დაუზიანებია. ახლა კი გარდაცვლილს სახეზე და სხეულზე ეტყობა, რომ ტანჯვით არის მკვდარი.

გამეზარდაშვილის განცხადებით, მეშახტე უჰაერობისგან არის გაგუდული. მას სიმწრისგან ხელები აქვს ისე მოკუჭული, რომ ვერ გააშლევინეს. გამეზარდაშვილებისთვის ეს პირველი ტრაგედია არ არის, მას 5 აპრილს იგივე უბანზე ახალგაზრდა ბიძაშვილი დაეღუპა.

“მამაჩემი გამოუცდელი მეშახტე არ ყოფილა. 35 წელია ის ამ საქმეში იყო. ერთი შეცდომაც კი არასდროს დაუშვია. ახლა რომ ნახოთ მისი ხელები, მაშინვე მიხვდებით, რომ ტანჯვით არის მკვდარი. მოგუდულია, ხელი ვერ გავაშლევინეთ, სიმწრისგან აქვს მოკუმშული.

რა შრომის უსაფრთხოების დარღვევაზეა საუბარი, ადამიანებს მიზანმიმართულად ხოცავენ. ყველამ კარგად იცის, რომ ეს უბანი სიკვდილის ადგილია. იქ რომ ჩადიხარ ასი პროცენტიდან 99 პროცენტში იცი, რომ შეიძლება ცოცხალიც ვეღარ ამოხვიდე.

მოვითხოვ, რომ ყველამ პასუხი აგოს, ვინც ამაზე პასუხისმგებელი პირი იყო. აღარ გავჩერდები, აპრილში ბიძაშვილი მომიკვდა, გავუბედურდით, დაიქცა და ამოვწყდით ოჯახი. არ გაჟღერდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამაჩემს ან რომელიმე მათგანს აქვს დარღვევა. შეიძლება არაფერს წარმოვადგენდე, მაგრამ იმ დონის აქციებს მოვუწყობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამათი პარპაში დასრულდეს”, – ამბობს „რეზონანსთან” გარდაცვლილი მეშახტის შვილი.

მეშახტეები „რეზონანსთან” ყვებიან, რომ ოფიციალურად ხელშეკრულებაში სრულიად სხვა პირობები წერია, ხოლო ქვანახშირის გამოღება კამერული წესით არ ხდება, ტყიბულში კი ნახშირი სწორედ ამ მეთოდით მოიპოვება. მეშახტეები ითხოვენ, რომ ყველა დაპირება წერილობით გაფორმდეს. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა შახტების დახურვის შემდეგ დაპირებული ანაზღაურება აღარ მისცენ.

„საქნახშირის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კი ამტკიცებს, რომ სამი თვის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შახტებში სპეციალური გაზის მაკონტროლებელი აპარატურა დაამონტაჟეს, რომელიც მეთანის მომატების შემთხვევაში განგაშს ტეხს.

მეშახტეები კი ამბობენ, რომ აპარატურით მხოლოდ მათი, თანამშრომლების გადაადგილება კონტროლდება და არანაირი უსაფრთხოების ზომებისთვის არ არის გამოყენებული.

იყო თუ არა სრულყოფილად დაცული უსაფრთხოების ზომები მიწის ქვეშ, სადაც ადამიანები სიცოცხლისთვის ძალიან სარისკო სამუშაოებს ასრულებენ, ამის გარკვევაში გერმანელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. ეს არის გამოძიების პრეროგატივა და მას აქვს მხოლოდ საშუალება, რომ ზუსტად ისაუბროს სინამდვილეში მინდელის შახტში რა მოხდა.

ღვინიანიძე ამბობს, რომ ფაქტი ერთია, გარდაცვლილ ადამიანებს მძიმე დამწვრობა აღენიშნებათ, რაც აფეთქებაზე მიანიშნებს. თუმცა როგორ და რა ფორმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მისი განცხადებით, მეშახტეების ჯგუფური დაზიანებები აჩვენებს, რომ შახტში უკიდურესად მძიმე პირობებია და ამაზე ინფორმაცია, მის მეპატრონეს, ადმინისტრაციას და ხელისუფლებას სრულად აქვს.

„ეს ადამიანები შახტში სხვადასხვა მექანიზმებით შედიან და იქ არსებულ ვითარებას სრული სურათით ხედავენ. მათ შორის 5 აპრილს, როდესაც მეშახტეები დაიღუპნენ, შედგა სერგეენკოს მეთაურობით სხდომა, სადაც შახტების ფუნქციონირების გაგრძელების საკითხი დადგა, თუმცა მაშინ მთავრობამ ვერ და არ მიიღო ტყიბულის შახტების შეჩერების გადაწყვეტილება. თავად შექმნეს კომისია, რომლსაც უნდა დაედგინა იქ არსებული უსფრთხოების ნორმები, მაგრამ სამი თვის მანძილზე ამ კომისიას არ უმუშავია.

ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტყიბულში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია კვლავ აღარ განმეორებულიყო. ეს შემთხვევაც იგივე უბანზე განმეორდა. მეშახტეები განსაკუთრებულად საუბრობდნენ მაღალ რისკებზე და ეს უბანი და აქ მუშაობის ბრძანების გაცემა კატეგორიულად არ შეიძლებოდა.

მიუხედავად ამისა, იანვირდან ეს უბანი გახსნილია, 10 მსხვერპლი და 9 დაზიანებული ადამიანი გვყავს ბოლო თვეებში, რაც ეს უბანი მუშაობს. მიუხედავად ამისა, შახტა აგრძელებდა ფუნქციონირებას და სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად არაფერი გააკეთა”, – აცხადებს ღვინიანიძე „რეზონანსთან”

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბიზნესის ინტერესების დაზიანების მოტივით, არა და ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შახტების მუშაობა დროებით შეეჩერებინა. ღვინიანიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის ამ პრობლემაზე საუბრისას, ბიზნესზე ხელშეუხებლობის მოტივით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არ ხდებოდა.

სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რაც დღეს ტყიბულში ხდება. მისი განცხადებით, ეს არის ტყიბულში მცხოვრები ადამიანებისთვის სოცილური კრიზისი, რომელიც კომპანიამ და ხელისუფლებამ შექმნა.

ღვინიანიძე ამბობს, რომ დაუშვებელია, ამ პრობლემის ერთ ადამიანზე გადაბრალება და აქ მხოლოდ ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი არ არის დამნაშავე. მისი აზრით, პასუხისმგებლობა ასევე პარლამენტსაც ეკუთვნის, თუმცა ყველაზე მეტად ვინც ამ კომპანიის მოქმედების შეზღუდვას ეწინააღმდეგებოდა, მთავრობის ეკონომიკური გუნდი იყო.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
თბილისში მძღოლებმა საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტეს
დაწერე კომენტარი