გამოგირჩმღვდელებული ახალგაზრდები, ანუ რაც ვერ ქმნა თინამ, ქმნა “გირჩმა”!

“გირჩმა” ივაჟკაცა და საკონსტიტუციო სასამართლოს ის გააკეთებინა, რაც გააკეთა. ამის მერე შემოვიგლიჯეთ მაღალი მატერიები და მორალი, აქაოდა, ეს როგორ იკადრა “გირჩმა” და ან როგორ ქმნეს მართალი სამართალი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმაო! ჯერ დავიწყოთ იმით, რომ შედეგს კი არა, მიზეზს უნდა ებრძოლო, მაგრამ ჩვენ სად გვცალია მიზეზ-შედეგობრიობისთვის და ფილოსოფიის უზოგადესი კანონების შესახებ, როცა ამდენი ზნეობრივი საკითხი გვაქვს გასარკვევი! ახლა დაიწყეს ექიმებმა, პოლიტიკოსებმა, სამღვდელო და სამრევლო სეგმენტებმა წერა და ლაპარაკი საყოველთაოდ იმაზე, რომ

მარიხუანას საშინელი შედეგები მოაქვს. “გირჩის” სარჩელის გამარჯვებამდე ნეტავ მდუმარების აღთქმა ჰქონდათ დადებული?

 

კარგა ხანს გაგვიჭირდება, გავარკვიოთ, რომ ნებისმიერი თრობა – ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული, ისეთივე მომაკვდინებელია, როგორიც პოლიტიკური, მაგრამ, ვიდრე ურემი არ გადაბრუნდება, ჩვენ გზას ვერ ვხედავთ ხოლმე. გახსოვთ ალბათ, ცოტა ხნის წინ თინა ხიდაშელმა წვევამდელთა

საყოველთაო გაწვევა სასურველ გაწვევად აქცია და მაშინ რაც “რესპუბლიკელებმა” ლანძღვა მიიღეს, მაგდენი არ მიუღია ყველა პარტიას ერთდროულად! თურმე ხიდაშელის არაგონივრული, პოპულისტური გადაწყვეტილების გამო დავკარგეთ ტაო-კლარჯეთი, ჰერეთ-აფხაზეთი და სამაჩაბლო! ვიღაცებმა ისიც კი თქვეს, თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ასეთი მოღალატეობრივი პოზიციის გამო დაგვიკარგავს იერუსალიმში ჩვენი წილი მიწები და მესოპოტამიაში კიდევ – მუშქების წარმართული ტაძრები! მკითხველს ისიც ემახსოვრება, რომ “ქოცებმა” განკვეთილი “რესპუბლიკელის” გადაწყვეტილება ერთი ხელის მოსმით გააქარწყლეს, მაგრამ რაც ვერ ქმნა თინამ, ქმნა “გირჩმა”!

 

ვიღაც ციფრების მოყვარული ამუნათებდა ქართველ ახალგაზრდობას, 6000-მდე წვევამდლიდან 4400-ზე მეტმა ჯარს თავი “გირჩის” მღვდელმსახურის მოწმობით აარიდაო. განსაკუთრებით, ხაშური მოხვდა ყურადღების ცენტრში ვითომ და მხოლოდ მანდ იყოს გამოგირჩება და სხვაგან არა! “რელიგიური სტატისტიკის” გამოქვეყნების მერე მთელი აღტყინებით აგინებდნენ, წყევლიდნენ და ლანძღავდნენ ჯარისგან თავარიდებულებს. კლავიატურის ლომებმა ლამის ჯიჰადი და წმინდა ომი გამოუცხადეს 18 წელს მიღწეულ ბიჭბუჭობას, ჰარი პოტერსა და ენერგეტიკულ სასმელებზე გაზრდილ ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი ეროვნული არ ვასწავლეთ ბოლო 15 წელი მაინც. ვასმენინეთ მუდმივი ლანძღვა-კრიტიკა ქვეყნისა და ერის, არ ვაჩვენეთ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, ვუფრიალეთ ბესო-კესოები და ლგბტ პარადები, ენჯეოებმა “ფულები მოღუნეს” ჩვენი ცნობიერების ასამაღლებელი მოტივით და გამოგირჩებულ-გამომღვდელებულ ახალგაზრდებზე უარესები რომ არ მივიღეთ, მადლობა ზურაბ ჯაფარიძის ყოვლადუგირჩესობას!

 

აბა, გამობრძანდით სამშობლოსთვის ომში დაცემულო პატრიოტებო და მითხარით, თბილისი ხიჯაბებითა და ისლამთა ოფისებით რომაა მორთული, ქართლი და კახეთი პაკისტანელების ხელქვეშ მოექცა, აჭარა თურქებით გაივსო, სვანეთს ვანგრევთ თუ ვტბორავთ, რაჭაში საქონელი მოწამვლით ამოწყდა, კახეთში ვენახები გაიჩეხა, ჭიათურა ისევ ინგრევა და ტყიბული კი სასაკლაოდ რჩება, ესეც ამ “გამოგირჩებულ-გამომღვდლებული” ბავშვების ბრალია?! ეგებ გაიხსენოთ, კომუნისტების დროიდან, როგორ ჩამოყალიბდა მშობლების საფიქრალად, როგორ დახსნილიყო ვაჟიშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან! არ არსებობს სამშობლოს ღირსეული შეცნობა, არ არსებობს სამშობლოს მსახურება და ვინც ემსახურება, მას არაფრით აფასებს სახელმწიფო და გიკვირთ, რომ ფარატინა ფურცელზე დაწერილი ესა თუ ის პიროვნება მღვდლის სტატუსს რომ ამოეფარება და დროს არ გააცდენს უკვე არაღიარებულ მსახურებაზე? ახლა სხვა უნარები ითვლება წარმატებულობად, ვიდრე სამშობლოს მსახურება! ყველგან ისმის, როგორი წარმატებულია ვიღაც ფიზიკური, სოციალური თუ პოლიტიკური მეძავი და მაინცდამაინც 18 წლის პირტიტველა ბიჭები უნდა გასამხედროვდნენ, რომ მორალური შვება ვიგრძნოთ? ეგებ და გვეთქვა, მოდი, რა მღვდელგირჩობა, ამ ბიჭებს ვუთხრათ, ნატურალური მეურნის სტატუსი აიღეთ, სოფელში ზოგმა ძროხა მოაშენეთ, ზოგმაც ხილ-ბოსტანს მიხედეთ, ამნაირად ემსახურეთ სამშობლოს. თუ მსახურება არა, კუჭის ამოვსება კი იქნება და როცა შიმშილი არ გაწუხებს, მერე კი იფიქრებ ღირებულებებზე. მერე ეგებ გავიგოთ, თუ გასაყიდად რამეს გაიმეტებ, მყიდველი აუცილებლად გამოჩნდება! კარს ღიას დატოვებ და ვინმე აუცილებლად შევა სახლში! მოკლედ გეტყვით, გამყიდველსა და კარის ღიად დამტოვებლებს გვმართებს გონიერება, თორემ თაფლი იყოს, ბუზი ბაღდათიდანაც ჩამოვაო, ჩვენს წინაპრებს უთქვამთ!
 

პ.ს. “ქართული ოცნება” მგონი თვალებში ნაცარს გვაყრის, ვითომც საპრეზიდენტო კანდიდატურას არ აყენებს, მაგრამ სალომეს “არასაოცნებო” სტატუსი ისევე სასაცილოა, როგორც ბილ გეითსის გაჭირვება.

წყარო: https://www.kvirispalitra.ge

loading…

პოპულარული

გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
"მამაჩემს უთქვამს ჩემზე, ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო..." - ვისში აერია პოლიციას ნიკა ქავთარაძე
„ყარს დანიის სამეფო“ და ყანდიაშვილ-ფოფხაძის პოლიტიკური გვამების სუნი ასდის“, - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი