გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ გლობალური დათბობის „უკან არდაბრუნების წერტილი“ გვიახლოვდება

დათბობა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიოს ძალისხმევა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, „უაღრესად შეუსაბამო“ იყო და შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ გლობალურმა დათბობამ „უკან არდაბრუნების წერტილი“ გადალახოს.

მადრიდში ორკვირიანი საერთაშორისო კლიმატური კონფერენციის დაწყებამდე, გაეროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტემპერატურის ზრდა და ამით გამოწვეული უფრო ექსტრემალური ამინდი უკვე იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რასაც დრამატული გავლენა აქვს ადამიანებსა და სხვა სახეობებზე.

როგორც იგი შენიშნავს, მსოფლიოს აქვს გლობალური დათბობის შეზღუდვისთვის საჭირო მეცნიერული ცოდნა და ტექნიკური საშუალებები, მაგრამ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება.

„უკან არდაბრუნების წერტილი უკვე ჰორიზონტზე მოჩანს და ჩვენკენ მოჰქრის“, — განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს ესპანეთის დედაქალაქში.

კონფერენცია 2-13 დეკემბერს გაიმართება და დელეგატები ორასამდე ქვეყნიდან, შეეცდებიან საბოლოო დეტალები შეიტანონ 2015 წელს მიღებულ პარიზის კლიმატის შეთანხმებაში; მათ შორის, როგორ შეიქმნას საერთაშორისო გამონაბოლქვების ფუნქციონალური სავაჭრო სისტემები, დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს ზღვის დონის მატებისა და კლიმატის ცვლილების სხვა შედეგებისგან მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში.

გუტერეშმა მოიშველია სამეცნიერო მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილმა სათბურის აირებმა უკვე მოახდინეს გავლენა პლანეტაზე, მათ შორის დაასახელა რეკორდული ტემპერატურები და პოლარული ყინულების დნობა.

გუტერეშის თქმით, მისი გზავნილი „ერთ-ერთი იმედია და არა სასოწარკვეთა. ბუნებასთან ჩვენი ომი უნდა დასრულდეს და ვიცოდეთ, რომ ეს შესაძლებელია“.

ოთხი წლის წინ, მსოფლიოს ქვეყნები პარიზში შეთანხმდნენ, რომ შეამცირონ გლობალური დათბობა და საუკუნის ბოლოსთვის არ დაუშვან ტემპერატურის 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით მომატება (იდეალურ ნიშნულად 1,5 გრადუსი დაისახეს) ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით. საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ უკვე მოიმატა 1 გრადუსი ცელსიუსით და ამბიციურ სამიზნემდე მიღწევის შანსიც უფრო შემცირდა.

გუტერეში აღნიშნავს, რომ მოქალაქეებისგან, განსაკუთრებით ახალგაზრდობისგან სულ უფრო იზრდება კლიმატური ქმედებების განხორციელების სურვილი.

„თუმცა, ჯერ კიდევ არ არსებობს პოლიტიკური ნება. ნება, რომ შეიზღუდოს ნახშირბადი. პოლიტიკური ნება, რომ შეჩერდეს წიაღისეული საწვავის სუბსიდირება. პოლიტიკური ნება, რომ 2020 წლიდან შეჩერდეს ქვანახშირზე მომუშავე ქარხნების მშენებლობა. პოლიტიკური ნება, რომ დაიბეგროს ნახშირბადისგან მიღებული შემოსავალი. დაიბეგროს დაბინძურება და არა ხალხი“, — აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

გუტერეში შენიშნავს, რომ 70 ქვეყანა, რომელთა უმეტესობა ყველაზე მოწყვლადია კლიმატის ცვლილებისადმი, პირობას დებს, რომ სათბურის აირების გამოყოფას 2050 წლამდე შეაჩერებს

თუმცა, იგი იქვე დასძენს, რომ მსოფლიოს უდიდესი დამბინძურებლები ხმას არ იღებენ და მათ გარეშე, მიზანი მიუღწეველი რჩება.

გაერო-ს ხელმძღვანელის აზრით, გამონაბოლქვის მსოფლიო ბაზრის შექმნა, რაც პარიზის შეთანხმების მეექვსე თავის საკვანძო ელემენტია, მხარეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია. გუტერეში იმედოვნებს, რომ მადრიდის კონფერენციაზე ამ მხრივ პროგრესი იქნება.

კონფერენციას 29 000-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის 50 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე წარმოდგენილი იქნებიან მეცნიერები და აქტივისტები.

ნახშირბადის ყველაზე დიდი გამომყოფები მსოფლიოში არიან აშშ, ჩინეთი და ინდოეთი. ეს ქვეყნები კონფერენციაზე მინისტრებით და უფრო დაბალი რანგის ოფიციალური პირებით იქნებიან წარმოდგენილი.

პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
"შეგშურდათ და ნელ-ნელა მოკალით... ფუ თქვენი!" - რეჟისორი მაია კიკაბიძე ზაზა ურუშაძის "მკვლელებს" ასახელებს
დაწერე კომენტარი