გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება, ისეთი შედეგი გვექნება, რაც დიდი ხანია არ გვქონია – ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ “გაერთიანებული ოპოზიცია” არ იშლება.

ვაშაძის თქმით, მათ ახალი სუბიექტებიც შეუერთდებიან. მისი შეფასებით, 2020 წელს გაერთიანება “ძალა ერთობაშია” ძალიან მაღალ რეიტინგს დადებს.

“მე ვიცი, ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით ‘ნაციონალურ მოძრაობას’ და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვთ არჩევნებზე. პირველი – მე არსად არ მივდივარ, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე, ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: “ქართული ოცნება” – 39%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16%; ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს – ლეიბორისტული პარტია – 3%; ლელო – 3%; ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%; პატრიოტთა ალიანსი – 3%; გირჩი – 2%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) – 1%; გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) – 1%; სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) – 1%; თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) – 1%

დაწერე კომენტარი