” სჯობს გაბუნია სადმე შორს გადამალონ” – კადიროვი ქართველ ჟუნალისტს ემუქრება

ვლადიმირ პუტინისადმი გიორგი გაბუნიას მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გასულმა უხამსმა მონოლოგმა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისე გააბრაზა, რომ ქართველ ჟურნალისტს სულ “ნაძირალა და არამზადა” უძახა და თან ირიბად დაემუქრა კიდეც.

კადიროვი დარწმუნებულია, რომ ეს ქმედება მხოლოდ გაბუნიას გადაწყვეტილება არ იყო. ამიტომ, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს და ამატებს, რომ მსოფლიოში ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რომლებსაც შეუძლიათ გაბუნიას ქმედება გაიმეორონ, ამიტომაც “მან უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს”.

ჩეჩნეთის ლიდერმა სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომ კავკასიაში არცერთ მამაკაცს არ უკადრებია საკუთარი მოსისხლე მტრისთვისაც კი ის, რაც გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში დაუშვა, და დაამატა, რომ „ის არც კავკასიელია, არც კაცი და არც მთიელი”.

“გაბუნია თანდაყოლილი ლაჩარი და უსქესო არსებაა. ის საქართველოსა და ქართველი ხალხის სირცხვილია,” – თქვა კადიროვმა.

აღნიშნა, რომ „ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ჩაფიქებული ჰქონდა რუსთავი 2-ს, და შესაძლოა საერთოდაც ამ ტელევიზიის კედლების მიღმა დაიგეგმა.”

ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ავტორიტარი ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს უმაღლესმა ოფიციალურმა პირებმა უნდა მოუხადონ საჯარო ბოდიში რუსეთის პრეზიდენტს და გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, რომ თავად ამ ამბებში უდანაშაულოა, ხოლო თუ ეს არ გააკეთა, მაშინ “სამი დღის შემდეგ უნდა ჩაიკეტოს საქართველოში მიმავალი ყველა გზა და ბილიკი.”

კადიროვი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ გაბუნიას სადმე შორს გადამალავენ, რადგან მსოფლიოში მილიონობით ისეთი ახალგაზრდა მოიძებნება, რომელიც “მას იმას მიუზღვავს, რასაც იმსახურებს”.

დაწერე კომენტარი