„ბუსა ჟვანიას მიერ ლევან თოფაძის დაჭრა არც დაუოკებელი აგრესიაა და არც ელიტარული ოჯახის შვილის თავხედობა“ – ლაშა არგვეთელი

ჟვანიაა

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის მომხდარ ინცინდენტზეა საუბარი. როგორც ლაშა არგვეთელი წერს, რომ შეეძლოს აუცილებლად მიმართავდა სასამართლოს არასაპატიმრო სასჯელის თხოვნით და თავდებადაც დაუდგებოდა ბუსა ჟვანიას.

„ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბოდიშისა და გოგი თოფაძის ასეთივე თავაზიანობის მაგალითზე, მთელი სიცხადით გამოჩნდა საზოგადოების მორალური დამშეულობის ის ფაზა, რომელიც 30 წელია თავისმომჭრელ სირცხვილად გვექცა და ფაქტობრივად ქრონიკულ შიმშილობაში გადაიზარდა ბოლო ხანებში.

ბუსა ჟვანიას მიერ გიორგი ბარამიძის გალანძღვა და ახლა უკვე ლევან თოფაძის დაჭრა არც დაუოკებელი აგრესიაა და არც ელიტარული ოჯახის გაზულუქებული შვილის თავხედობა. ეს ფაქტები ბავშვობაში დაჩეხილი ფესვების ყლორტებია, რომლებმაც ფსიქო-ემოციური თეორიების თანახმად, ზედმიწევნით ადეკვატურად „იხარეს“ და რომელთა ნაყოფიც საბოლოოდ საზოგადო რისხვაში გამოიხატება ხოლმე. რომ არა ქალბატონი ნინოს მორალური ღირებულებები და ოჯახის ინტელიგენტური სულისკვეთება, კაცმა არ იცის ეს რისხვა რა დამანგრეველ ძალას შეიძენდა იმ ბიჭის სულში, რომელიც მამიკოს ჩახუტებას ელოდა საღამოს და რომელსაც ყოვლად გაუგებარ გარემოებებში გარდაცვლილი მამა აჩვენეს მილიონობით ტელემაყურებელთან ერთად. ეს არ იკმარეს მამის მეგობრებმა და გამოუცხადეს, დიდი ბოდიში, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ასე მოხდა ეს ამბავი, ამ ვითარებაშიო (?!)

აი, ასეთ სოციალურ წუმპეში ხანგრძლივად ნაცხოვრებმა, „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელმა ხალხმა, რომელსაც აღმატემებული ხარისხის ნიშნად საზოგადოება ეწოდება და რომელმაც არათუ ელემენტარული კულტურა, არამედ მთელი რიგი ლიბერალური ღირებულებები სხაპა-სხუპით ვისწავლეთ ბოლო ხანებში, უცბად, ერთი ჩვეულებრივი და წესით მოსალოდნელი ბოდიშის გაგონებაზე ვიხუვლეთ და wow რეაქციებით გავიოცეთ ჟესტი, რომელიც ზრდილობის ინდიკატორია ოდიდგანვე.

აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს. ტერორი და ღვარძლი აქციეს ჩვენს ყოველდღიურობად თუ მედიის და თუ სახელმწიფო პოლიტიკის მეშვეობით და როცა უარი ვთქვით ასეთ დღის წესრიგზე, სტაგნაციად ჩაგვითვალეს და გაასკეცებული ძალით ააგუგუნეს სიძულვილის პროპაგანდა. ნუგეში მხოლოდ იმაშია, რომ ნებით არ მოვსულვართ აქ – ბაწრით მოგვიყვანეს, დაგვაბეს და ასე ვბალახობთ 30 წელიაწადია.

არადა, მანამდე უარეს საბალახოზე ვიყავით 70 წელი. კიდე მანამდე – კიდევ უფრო უარესზე, მთელი 120 წელი. და კიდე მანამდე – სად აღარ, რომელი ქარტეხილი არსებობს, რომელსაც ჩვენთან არ უქროლია, მაგრამ ბოდიში, მადლობა და გამარჯობა, რატომღაც მგონია, რომ ასე არასოდეს არ გვიკვირდა, როგორც ახლა.

ჯანმრთელობას ვუსურვებ თოფაძეებს და გამძლეობას ჟვანიებს. მე რომ ანგარიშგასაწევ ფიგურას წარმოვადგენდე, აუცილებლად დავუდგებოდი თავდებად ბუსა ჟვანიას და მივმართავდი სასამართლოს არასაპატიმრო სასჯელის თხოვნით“, – წერს ლაშა არგვეთელი.

დაწერე კომენტარი