რას ჰყვება იმ ბინის მეპატრონე, სადაც აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები ცხოვრობდნენ?

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ვარკეთილში მდებარე იმ ბინის მისამართი, სადაც გარკვეული პერიოდი საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები – შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი ცხოვრობდნენ.

შავი ჩაი ასკილით

რას ჰყვება ბინის მეპატრონე და რა კავშირი ჰქონდა აღნიშნულ პირებთან 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, რომლის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს თემირლანის უდანაშაულოდ ცნობას? გასულ კვირას პანკისის ხეობაში ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გაიმართა. 26 დეკემბერს სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ახლობლები ირწმუნებიან, რომ 19 წლის თემირლანს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. ისინი სპეცოპერაციაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ.

„ფაქტობრივად, დასრულებულია ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევის პერიოდი და ცალსახად ხაზგასმულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არის უდანაშაულო. მეორე საკითხია, რა დარღვევებია, ჩვენ არ გვაქვს წვდომა საქმის მასალებზე, არ გვაქვს სურათი“, – ამბობს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან, ეს მართლაც ცალკე თემაა და ცხადია, ამ მიმართულებით არსებულ კითხვებს პროკურატურამ დროულად უნდა უპასუხოს, თუმცა აქვე ისმის კითხვა – სპეცრაზმელის მიერ ძალის შესაძლო გადამეტება გამორიცხავს თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს საერთაშორისო ტერორიზმში მხილებულ პირებთან?

სანამ ამ კითხვაზე შევეცდებით პასუხის გაცემას, მანამდე შეგახსენებთ, როგორ გაჩნდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სახელი „ტერორიზმის საქმეში“.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში, კერძოდ, სოფელ ომალოსა და დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აჰმედ ჩატაევის დაჯგუფებასა და ქართველ სამართალდამცველებს შორის მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა. დაპირისპირების დროს მთლიანად განეიტრალდა ბინაში მყოფი შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი, ასევე, რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი. სპეცოპერაციის დროს დააკავეს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი შოაიფ ბორზიევი.

აღნიშნული სპეცოპერაციის შემდეგ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან სამართალდამცველებმა მთელი რიგი მტკიცებულებები ამოიღეს.

„სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან  ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობიდან მოპოვებულია აუდიოჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანი იყო დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები“, – ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია.

ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ სწორედ ჩატაევის კომპიუტერში დაცული მონაცემებისა და ბინიდან ამოღებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა კავშირი პანკისის ხეობაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. მტკიცებულებებს შორის აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო და მობილურის საგარანტიო დოკუმენტებიც, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს, როგორ გადაადგილდება თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერორიზმში მხილებულ პირებთან ერთად მობილური ტელეფონის საყიდლად.

სრულად:primetime.ge

loading…

პოპულარული

“ჩაჩავას”, "იაშვილის", "ღუდუშაურის" და "იმედის" სამშობიაროები დაჯარიმდა - 5 კლინიკას სტატუსი შეუჩერდა
11 წლის გოგონას 20-მდე მამაკაცი 7 თვის განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა - შემზარავი შემთხვევა ინდოეთში
მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა (ფოტოები)
"ხვალ იყავით ყველაფრისთვის მზად" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
დაწერე კომენტარი