„ახლა გახარიას უთხრიან ძირს, როგორც იგი მანამდე სხვებს უთხრიდა ძირს“

გიორგი გახარია

„იმ შემთხვევაში თუ გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა, „ოცნება” მას როგორმე მოინელებს,”- ასე აფასებს „რეზონანსთან” დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო გადაყენებას.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ შესაძლოა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვოს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატი რევაზ არველაძე ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებას ითხოვს.

ჭიჭინაძის თქმით, გახარიას წასვლით „ქართულ ოცნებას” არაფერი არ დააკლდება, რადგან ამ პარტიამ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლას გაუძლო.

„იმ შემთხვევაში თუ გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა, „ოცნება” მას როგორმე მოინელებს, ეს არ მგონია დიდი დანაკარგი იყოს, „ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას გაუძლო და აქედან გამომდინარე გახარიას წასვლასაც ალბათ გაუძლებს.

„ოცნებაში” არის ხალხი, რომლებსაც მერე ალბათ ამოიღებენ გადანახულიდან და დააბრუნებენ პოლიტიკაში, ასეთი რამეც გვინახავს ჩვენ.

„მისი გადაყენება რა თქმა უნდა ლოგიკურია იმიტომ, რომ ამ ადამიანმა პრაქტიკულად თავისი რესურსი ამოწურა, რაც, ვფიქრობ, რომ არ იყო პოზიტიური რესურსი, თუ მის მოღვაწეობას გადავხედავთ და კულუარულადაც შევხედავთ, ის ყოველთვის თავისი კოლეგების ძირის თხრაზე იყო ორიენტირებული, ანუ დესტრუქციული რესურსი ჰქონდა. დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ის უკვე პრემიერ-მინისტრია და ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა აქვს, მას ასეთი „ძირგამომთხრელი” რესურსი აღარ გამოადგა და პირიქით, ახლა მას უთხრიან ძირს, როგორც იგი მანამდე უთხრიდა სხვებს.

„აქედან გამომდინარე, იმ გარემოებაში, რომელშიდაც დღეს „ქართული ოცნება” იმყოფება, გარე და შიდა შემოტევების ფონზე დაწყებული მოსახლეობის უკმაყოფილებით დამთავრებული საერთაშორისო პარტნიორების უკმაყოფილებით, ამ გადასახედიდან რა თქმა უნდა გახარია „ოცნების” იმედებს ნამდვლად ვერ ამართლებს და მისი გადადგომაც სავსებით ლოგიკური იქნება,” – განაცხადა მან.

დამოუკიდებელი დეპუტატი, „ოცნების” დაპუტატის რევაზ არველაძის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებაში ცუდი არაფერია, იმიტომ, რომ რეალური მმართველი როცაა, აღარ გვეყოლება ამდენი ფიქტიური სხვადასხვა კოლექტივი, რასაც ვუყურებ სერიალივითაა: ბახტაძე-3, ბახტაძე-4 და ა.შ. რეალურად ბიძინა ივანიშვილია მმართველი, რომელსაც არც მალავს, ყველაფერ ამას თავისი არაფორმალური გარემოცვით მართავს და კარგი იქნება თუ დაბრუნდება და ისევ პრემიერ-მინისტრი იქნება, მაგრამ ეს რამდენად მოხერხებადია, საკითხავია იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ არაა ისეთი საჯარო ფიგურა, ბატონი ბიძინა არ ცდილობს ყოველ დღე პრესასთან ურთიერთობას, ამიტომ გახსნილი საქმიანობა მისთვის უფრო არაბუნებრივია, ვიდრე ასეთი კულუარული მართვა და აქედან გამომდინარე ეჭვი მეპარება, რომ ის დაბრუნდეს.”- განაცხადა ჭიჭინაძემ.

დაწერე კომენტარი