აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სამსახურში დასაბრუნებლად, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ხელმოწერა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გუშინ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

თანამშრომლები დღეს, 19:00-ზე მაუწყებელთან მათი მხარდამჭერი აქციის გამართვას გეგმავენ. ორგანიზატორები სისტემატურ აქციებს აანონსებენ მანამ, სანამ ბაჩო გურაბანიძეს, გიორგი მურვანიძესა და გურამ ქადიძეს სამსახურში არ აღადგენენ. ასევე, არხის თანამშრომლები ითხოვენ მაუწყებლის მენეჯმენტთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრას.

ლეილა შავიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი აცხადებს, რომ დღის ბოლომდე რაიმე ფორმით აუცილებლად უნდა შედგეს საუბარი მრჩეველთა საბჭოსთან და მენეჯმენტთან, რათა მოხდეს პრობლემის აღიარება და თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება გადაიხედოს.

„ხელმოწერებს ვაგროვებთ თანამშრომლები. აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნა იგივეა, რომ ეს ადამიანები შეინარჩუნოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და გადაიხედოს კიდევ ერთხელ არასამართლიანი გადაწყვეტილება“, – აცხადებს ლეილა შავიშვილი.

დაწერე კომენტარი