აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ევროპის და ევროკავშირის მისამართით ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებს

ევროპის და ევროკავშირის მისამართით შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებს. ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი ორგანიზაციას “დაზიანებულ კონსტრუქციას” უწოდებს. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა კი ბრიუსელში პირობა დადო, რომ ვაშინგტონი ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის ერთგული იქნება.

ევროკავშირის ელჩმა შეერთებულ შტატებში დღეს ამ საკითხზე თავისი პოზიცია გამოხატა. ვაშინგტონში საჯარო მოხსენების დროს მან დიპლომატიურად დაიცვა ერთიანი ევროპის იდეა.

„უნდა ვთქვა, რომ ამ ადმინისტრაციისგან ვერ ვგრძნობ რამე პრობლემას ევროკავშირთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ, შეერთებულმა შტატებმა ვისთან იქონიოს ურთიერთობა – ევროკავშირთან თუ ჩვენს წევრ ქვეყნებთან. ჩვენ არ ვართ ფედერალური სტრუქტურა, როგორც თქვენ. თუმცა მეორე მხრივ, არის ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენი წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მათი მართვა უკეთესად ევროკავშირის დონეზე შეგვიძლია. ამავე დროს, ეს ჩვენი ნებაყოფლობითი არჩევანია და ბრიუსელი ხელებს არავის უგრეხს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთიანობით უკეთესი შედეგი გვაქვს. მაგალითს მოგიყვანთ. რატომ ვამბობთ, რომ კონკრეტულ ქვეყნებს არ შეუძლიათ დადონ ცალკეული ეკონომიკური შეთანხმებები? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული ერთიანი ბაზარი. როდესაც არსებობს ასეთი ბაზარი, ერთი საბაჟო ტარიფით, ის ამერიკული ბიზნესისთვისაც დიდ სარგებლობას წარმოადგენს,“ – განაცხადა დევიდ ო სულივანმა.

სტივ ბენონთან საუბარზე გერმანიის ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია. ოფიციალურ დონეზე არაფერს ამბობენ ბერლინშიც. ამერიკის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ ელჩთან საუბარი სულ 3 წუთს გაგრძელდა და ის მხოლოდ მისალმება იყო. თეთრი სახლის პრესმდივანმა მოგვიანებით ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტს ევროკავშირის ლიდერებთან კარგი შეხვედრები ჰქონდა და მკაფიოდ განუმარტა, რომ მათთან შეერთებული შტატები თანამშრომლობას გააგრძელებს.

წყარო: რუსთავი2

დაწერე კომენტარი