აღმოჩენილია ორ პირბადეზე სისხლის წვეთები…ეს არათუ თვითმკვლელობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ჯგუფური დანაშაულია – ადვოკტები ბაჩალიაშვილის საქმეზე

ბაჩალიაშვილის საქმე - მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის გვამზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები საქმის მასალების 28 ტომს სრულად გაეცნენ. ინტერესების დამცველებმა გამოძიების ფარგლებში დაშვებულ სავარაუდო შეცდომებსა და ბუნდოვან გარემოებებზე ისაუბრეს.

მიხეილ რამიშვილი ეჭვქვეშ აყენებს თამარ ბაჩალიაშვილის მხრიდან იმ მედიკამენტების შეძენის გარემოებას, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით თამარის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

“ყველაფერი ეს არათუ თვითმკვლელობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკვე ჯგუფური დანაშაული. ნუთუ არ უჩნდება გამოძიებას კითხვები, რომ ეს აბები, რომლებიც მას არ შეუძენია აფთიაქში, როგორ აღმოჩნდა მის ჩანთაში სხვა აბებთან, იგივე იმ ვადაგასულ წამლებთან ერთად,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის მიხედვით, პირბადეზე ​აღმოჩენილი სისხლის კვალი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, თუმცა დანარჩენ ნივთებზე აღმოჩენილი სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა.

“აღმოჩენილია ორ პირბადეზე სისხლის წვეთები, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონზე და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ,” – აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

დაწერე კომენტარი