აფხაზები გალში სირიიდან და იორდანიიდან რეპატრიანტების ჩასახლებას გეგმავენ, რომ “ქართველები განდევნონ”

აფხაზეთი

სოხუმის რეჟიმი გეგმავს, რომ გალსა და გაგრაში რაც შეიძლება მეტი რეპატრიანტი ჩაასახლოს სირიიდან და იორდანიიდან და აცხადებს, რომ ეს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნაბიჯია, რადგან ე.წ. რესპუბლიკის “საზღვრებთან” ბევრად მეტი ეთნიკური აფხაზი უნდა ცხოვრობდეს, ვიდრე “სხვა ეროვნების” წარმომადგენელი.

შავი ჩაი ასკილით

ამ “სხვა ეროვნების მოსახლეობაში” კი ქართველები იგულისხმებიან და ამიტომაც უპირველეს ამოცანად დაისახეს, რომ გალში დაიწყოს სირიელი და იორდანიელი რეპატრიანტების ჩასახლება.

კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის შეფასებით, აფხაზებს გალში რეპატრიანტების ჩასახლება სურთ იმის გამო, რომ ქართული მოსახლეობა არ იყოს დომინანტური და დემოგრაფიული სურათი შეცვალონ.

“სეპარატისტების იმედია, რომ დემოგრაფიული სიტუაცია შეიცვლება მას შემდეგ, რაც იქ იორდანიელ თუ სირიელ მუსლიმებს დაასახლებენ, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან და ათწლეულების შემდეგ გამოდევნიან ქართველებს. ეს გრძელვადიანი გეგმაა, მაგრამ ამას ახდენა არ უწერია”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

სოხუმში კი უკვე ითქვა, რომ 130 იორდანიელ აფხაზს უკვე აქვს სურვილი, ისტორიულ სამშობლოში – აფხაზეთში სამუდამოდ დასახლდეს, მათი ასაკი კი 23-დან 50-წლამდეა. ამის შესახებ რუსულ მედიასთან აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრი ბესლან დბარი საუბრობს.

“იორდანიაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის 130 წარმომადგენელს სურს თავიანთ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება. აფხაზეთში დაბრუნება სურთ ადამიანებს, რომლებიც 35-დან 50 წლის არიან, მათი მშობლები კი რჩებიან იმის გამო, რომ უკვე ასაკიანები არიან”, – აცხადებს დბარი.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ხალხი, ვისაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურს, არ ითხოვს რეპატრიაციის ფონდიდან დახმარებას. ე.წ. მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაბრუნებული თანამემამულეების განსახლება მოხდება გაგრისა და გალის რაიონებში და ამ პროცესში ჩაერთვება “სამინისტრო”.

“გაგრა და გალი – ეს არის ჩვენი რესპუბლიკის კარიბჭე. ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო ტერიტორიაზე გაგრის რაიონში, როგორც გალში, ძირითადად ცხოვრობენ სხვა ეროვნების ადამიანები, იქ კი აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ, რომლებიც რესპუბლიკაში მომსვლელ ადამიანებს ეტყვიან “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”, – განაცხადა “მინისტრმა”.

ბესლან დბარი ამ დღეებში გალის რაიონშიც იმყოფებოდა, სადაც გალის რაიონის ე.წ. გამგებელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლებას, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, მოგვიანებით კი დბარმა რუსულ გამოცემასთან თქვა, რომ უკვე ზაფხულის ბოლომდე გადაწყდება იორდანიიდან ჩამოსული დიასპორის საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი.

ე.წ. სახელმწიფო კომიტეტი რეპატრიაციის საკითხებში აფხაზეთში შეიქმნა 1993 წლის მარტში “რესპუბლიკასა” და უცხოურ აფხაზურ დიასპორას შორის ურთიერთობის გასავითარებლად. უწყება რეპატრიანტებს ადაპტირებაში ეხმარება.

1998 წელს შეიქმნა საბიუჯეტო ფონდი რეპატრიაციის პროგრამის დასაფინანსებლად. რეპატრიაციის შესახებ დე ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, აფხაზეთში მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნებული აფხაზები 5 წლის განმავლობაში ფლობენ რეპატრიანტის სტატუსს.

რეპატრიაციის საკითხებში ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ერკან კუტარბა ამბობს, რომ, “სახელმწიფო კომიტეტის” მონაცემებით, 11 ათასამდე თანამემამულემ აფხაზეთის მოქალაქეობა უკვე მიიღო.

“თუ შევაჯამოთ ყველა რეპატრიანტს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, ოჩამჩირეში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვზე მეტი დაბრუნდა 4,5 ათასზე მეტი და რეპატრიანტებს შორის შობადობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივ აფხაზებს შორის. ოჯახებში სამიდან ხუთამდე ბავშვი,” – ამბობს კუტარბა.

რამდენი რეპატრიანტია დაბრუნებული აფხაზეთში, ზუსტი რიცხვი უცნობია.

“ექსპერტთა კლუბის” წევრი, კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ რაოდენობა ძალიან გაბერილია, ამდენი “პასპორტიც” კი არ დაუბეჭდავთ, თანაც, ვინც ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღო, არ ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთში ცხოვრობენ, შესაძლოა, სირიელმა, იორდანიელმა თუ თურქმა აფხაზებმა სიმბოლურად მიიღეს ე.წ. აფხაზური პასპორტები.

მისივე თქმით, რეპატრიანტების რაოდენობა 1000-ზე მეტი არ იქნება და ბევრი, შესაძლოა, ჩამოდის, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი ისე უკან ბრუნდება აფხაზეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციისა და პირობების უქონლობის გამო.

“აფხაზები ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას და ნადირობას არ წყვეტენ, თუმცა 130 იორდანიელი ვერც გალის მიმართულებას გაამაგრებს და ვერც – გაგრის. ეს ზღაპარია.

“ძირითადად აფხაზების მიზანია, რეპატრიანტები სოხუმიდან რაც შეიძლება შორს ჩაასახლონ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ გრძნობდნენ მათ პრობლემებს.

“რეპატრიანტების გარკვეული რაოდენობა უკვე ჩამოვიდა, ძირითადად სირიიდან, მაგრამ მათი უმრავლესობა აფხაზეთში ვერ გაჩერდა იმიტომ, რომ არანაირი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია იქ არ არსებობს. იგივე დაემართებათ იორდანიელებსაც.

“სირიიდან წამოსული მოსახლეობა ვერ გაჩერდა და იორდანიელები მით უმეტეს არ გაჩერდებიან. შესაძლოა, მათ ე.წ. აფხაზური მოქალაქეობა მიიღონ და ამით პატივი სცენ წინაპრებს, მაგრამ ისინი აფხაზეთში ვერ გაჩერდებიან.

“მეორე და უმთავრესი, რატომაც ვერ მოხდება მასობრივი რეპატრიაცია, არის რუსული ფაქტორი. გალში რუსული ბაზებია და მათ არაფერში სჭირდებათ გალის რაიონში მუსლიმი იორდანიელები, რომლებმაც არც რუსული იციან, არც აფხაზური და ვერაფერს შეაგნებინებენ.

“არც გაგრაში უნდათ, სადაც რუსეთის საზღვარი გადის. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, მე გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც სეპარატისტებს აქვთ დაგეგმილი. ეს მხოლოდ მათი სურვილია, ვიდრე რეალობა”, – მიიჩნევს ცქიტიშვილი.

“რეზონანსი”

loading…
იტვირთება…

პოპულარული

რუსეთში ინტიმური ადგილების გაპარსვა უნდა აიკრძალოს - დუმის წევრი ქალბატონი
დიდი რეჟისორი ივანიშვილის წინააღმდეგ - „ხიტრი იმერელია, ყველაფერს მოგატყუებს... ერთ ტრუპკაში რეკავს, ერთს ლაპარაკობს და მეორე ტრუპკაში - მეორეს“
„ოცნების“ ახალი პრემიერი და სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან
მსოფლიოს ყველაზე სენსაციური პენალტი, რომლის შემსრულებელმაც ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)
დაწერე კომენტარი