“არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ ცოცხლები ვართ” – ჭიათურაში პროტესტმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო

ჭიათურაში პროტესტმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ქალაქში ყველა მაღარო გაჩერებულია. სამსახურში გასვლაზე ისევ უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან და სახალხო დამცველის მისვლას ელოდებიან.

მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

კომპანიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს გაფიცული მაღაროელების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდნენ. ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაღაროელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წამოვიდნენ რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ტრანსპორტით და ზოგს გზაში, ზოგს აქ ადგილზე, ჭიათურაში, გარკვეული ტიპის კონფლიქტური სიტუაციები მომხდარა. ჩვენ, რომ ეს თავიდან აგვერიდებინა და არ მომხდარიყო თუნდაც თანამშრომლებს შორის კონფლიქტი, დღეიდან ისევ აღარ გადის ტრანსპორტი, ვინაიდან ასეთი კონფლიქტური სიტუაციები ჩვენ არ გვაწყობს,“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კომპანიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით კომპანია მაღაროელებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობს.

„ეს არის ცრუ ინფორმაცია, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ ცოცხლები ვართ და აქედან სანამ არ გაგვიტანენ, მანამდე ვაგრძელებთ შიმშილს. ეგენი ცდილობენ, რომ ხალხში პროვოკაცია მოახდინონ, მაგრამ ეს ასე არ არის, მთელი ქალაქი ფეხზე დგას,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

კარვებში მყოფ გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ ჭიათურელები და მთავრობას მაღაროელების დახმარებისკენ მოუწოდებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება მათ გვერდში არ დგას და ადგილობრივების მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ არჩევნებისთვის სჭირდება.

დღეს ორმა მუშამ პირი ამოიკერა, რის გამოც ცუდად გახდნენ და სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ მოშიმშილეებიც.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ დაიშლებიან მანამდე, სანამ ხელფასების 50%-იან ზრდას არ დათანხმდა კომპანია.

„ჯერ 15 პროცენტი და წლის ბოლომდე 10 პროცენტს დაგიმატებთო და ასე ეტაპობრივად არ გვაწყობს, რისთვის ვშიმშილობთ და რისთვის არიან საცოდავი გაძვალტყავებული მუშები აქ,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

პოპულარული

"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
8 დაშავებული და ერთი დაღუპული - შემზარავი ავარია გურიაში
დაწერე კომენტარი