არეშიძე ფიქრობს, რომ სირიის ომი თურქეთის ეკონომიკას დაანგრევს – როგორ აისახება ეს საქართველოზე?

მამუკა არეშიძე

„დღეს პრაქტიკულად თურქეთის წინააღმდეგ რუსები, ირანელები, სირიის სამთავრობო ჯარი, ქურთები და შეერთებული შტატები გამოდიან, რაც მას ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს,”- ასე აფასებს „რეზონანსთან” ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სირიაში შექმნილ სიტუაციას, თუმცა, მისივე თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი უკან აღარ დაიხევს, რადგან ეს მისი პოლიტიკური მარცხის ტოლფასი იქნება.

„რეზონანსი”: ერდოღანმა განაცხადა, რომ ვერანაირი სანქციები ვერ შეაჩერებს და სირიაში ცეცხლს არ შეწყვეტს. სანამდე შეიძლება მივიდეს დაძაბულობა?

მამუკა არეშიძე: ერდოღანმა შიძლება თურქეთი კატასტროფამდე მიიყვანოს, მაგალითად გუშინ ქალაქ მანბიჯთან ბრძოლაში ერდოღანის წინააღმდეგ პასიურად, მაგრამ მაინც გამოდიოდნენ სირიის სამთავრობო ჯარები და რუსეთის ავიაცია, მართალია თურქეთის რეგულარული არმიის ნაწილი და თურქეთის მხარდამჭერი თურქმანული მოხალისეებისგან დაკომპლექტებული რაზმები იბრძოდნენ, მაგრამ ქურთებმა მათ უკან დაახევინეს, ისე რომ ჰაერში აქტივობის საშუალება თურქულ ავიაციას რუსულმა ავიაციამ არ მისცა.

ეს ძალიან სერიოზული ნიშანი იყო, რომ პრაქტიკულად დღეს თურქეთის წინააღმდეგ გამოდიან რუსები, ირანელები, სირიის სამთავრობო ჯარი, ქურთები და აშშ, რაც თურქეთს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.

„რ”: ამერიკამ თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ასევე მის წინააღმდეგ წავიდნენ გავლენიანი სახემწიფოებიც, ეს ძალიან დააზარალებს თურქეთს და შესაბამისად მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულ ქვეყნებს. საქართველოზე როგორ აისახება?

მ.ა: ეს ამბავი საქართველოს რომ შეეხება, ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, მითუმეტეს თუ ეს პროცესი ხანგრძლივად გაგრძელდა. თურქეთის ეკონომიკა და მისი ეროვნული ვალუტა ისედაც უკვე რყევებს განიცდის და ეს კიდევ თუ გაგრძელდა, ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგება მის ეკონომიკასაც და ჩვენსასაც, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია სავარაუდო ლტოლვილების ნაკადი, ამას ემატება ისიც, რომ საზღვრისპირა ქურთულ დასახლებებში 12 ციხეა, სადაც ტერორისტები სხედან და ამ საბრძოლო ვითარებაში არაა გამორიცხული, რომ მასობრივად გამოვიდნენ, რაც ძალზედ სახიფათოა.

„რ”: როგორ ფიქრობთ, შეცვლის თუ არა შექმნილ ვითარებას ერდოღანის უკან დახევა ?

მ.ა: ერდოღანი უკან ვეღარ დაიხევს, პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი, მან ყველაფერი ჩადო ამ საომარ კამპანიაში, იმიტომ რომ თურქეთის ეკონომიკა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, ერდოღანს შიდა პოლიტიკური პროცესები არ აძლევენ განსაკუთრებულ იმედს, რომ მომავალში ის ოპოზიციასთან გამარჯვებას შეძლებს, აქედან გამომდინარე მას სჭირდებოდა ასეთი ტიპის პატარა ომი, სადაც გაიმარჯვებდა და რეიტინგიც მოემატებოდა.

ერდოღანის უკან დახევა მის პოლიტიკურ კრახს ნიშნავს, ამიტომ შეეცდება, რომ ეს პროცესი მიიყვანოს იქამდე, სადამდეც შეძლებს, რათა სახე შეინარჩუნოს, თუმცაღა მან ყველას ისე მოაბეზრა თავი, რომ არაა გამორიცხული, რომ რეგიონის მსხვილმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა შესაძლოა ის უბრალოდ გაწირონ.

„რ”: სირიის ვითარების ყველაზე ცუდი სცენარი როგორი შეიძლება იყოს, იმ მოცემულობის მიხედვით რაც დღესაა?

მ.ა: ყველაზე ცუდი სცენარი თურქეთის მონაწილეობით ომის უსასრულოდ გაგრძელებაა.სირიაში ომი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ახლაც თუ გაგრძელდა ეს და თან აქტიურ ფაზაში შვიდა,რთულ შედეგებამდე მიგვიყვანს.

დაახლოებით ერთი წლის წინ, სირიის ტერიტორიაზე გავლენის სფეროები უკვე გადანაწილებული იყო, ნაწილს რუსები, ნაწილს აშშ და ნაწილს ქურთები აკონტროლებდნენ. იქ ასევე იყო ირანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. ახლა ისევ აირევა ყველაფერი, მაგრამ ამან უკვე სერიოზული ფორმა მიიღო, თუ აქამდე ყველა ისლამურ ტერორიზმს ებრძოდა, ახლა გალაშქრება უკვე კონკრეტულ სახელმწიფოს წინააღდეგაა.

რუსები, ამერიკელები და სხვები თურქეთის წინააღმდეგ იარაღს არ გამოიყენებენ, ყველანაირად აიცილებენ ამას თავიდან, მაგრამ კიდევ უფრო სამარცხვინო იქნება თურქეთის მარცხი სირიის არმიასთან, ან კიდევ უფრო უარესი, ქურთულ სამხედრო ფორმირებებთან.

ომის გაგრძელება გამოიწვევს თურქეთის ეკონომიკის დანგრევას, რომელიც მთელი რეგიონისთვის ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.

„რ”: გამოსავალს რაში ხედავთ?

მ.ა: გამოსავლის თქმა გამიჭირდება, რადგან ერდოღანმა თავისი ხასიათიდან გამომდინარე თურქეთი კატასტროფის წინაშე დააყენა, გამოსავალს თვითონ სიტუაცია გვკარნახობს, თუ თურქეთს უნდა, რომ სტაბილური სიტუაცია შეინარჩუნოს, უკიდურესი გამოსავალის შემთხვევაში ერდორანი უნდა წავიდეს, მაგრამ ყველაზე მისაღები გამოსავალი მხარეების უკან დახევაა, მათ შეუძლიათ კი უკან დახევა? მგონია, რომ არა.

დაწერე კომენტარი