“არასწორი სამიზნე აქვს, ნიკა გვარამია უფრო…” – ჯანგირაშვილი ივანიშვილზე

ჯანგირაშვილი

“მთავარ არხზე”, გადაცემაში “დღის სტუმარი” ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების განახლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი, რადგან ოლიგარქს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ მისი ძალაუფლების გამყარება შესაძლებელია. აქვე ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა სამიზნე არასწორად შეარჩია, რადგან ნიკა გვარამიას ამდენი წელია უტრიალებს და ის უფრო ძლიერდება. 

იმდენად მძიმე და დამთრგუნველი სიტუაციაა ამ ქვეყანაში, როცა ადამიანები გვიკვდება ხელისუფლების უსულგულობის გამო და ამ დროს ეს იდიოტი კაცი, ეს მანიაკი, ზის და ფიქრობს, როგორ გაანეიტრალოს მთავარი საფრთხეები, გონებაშეზღუდული იდიოტის გარდა ვერავინ წარმოიდგენს, რომ ამით თავისი ხელისუფლება შეუძლია შეინარჩუნოს. ლაშა ნაცვლიშვილის, ნიკა ლალიაშვილის და შალვა რამიშვილის იმედად რომ იქნება, ჯერ ის კაცი რა კაცია და მათი გაქანების, მათი ინტელექტის იმედად ყოფნა ხომ საერთოდ… ხმები მოიპარა და ახლა ჰგონია, რომ გვარამიას თუ დაიჭერს, გადარჩება? ვერ გადარჩება…

რამდენი წელია, გვარამია მონიშნული ჰყავს, როგორც მთავარი საფრთხე მისი ძალაუფლებისთვის, მერე სხვა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგაც შეიძლება აღძრას საქმე, მერე ჩემს მიმართ შეიძლება იპოვოს რაღაც…

ივანიშვილი ამ ქვეყანაში თუ კიდევ ერთი წელი დარჩა, ბუკვალურად ერთი წელი, მეტზე არ არის ლაპარაკი – ამ ქვეყნისგან არაფერი დარჩება… იმდენად დიდია უპერსპექტივობის განცდა, რომ მეც კი გამჩენია განცდა, ხომ არ წავიდე ამ ქვეყნიდან მეთქი, მაგრამ არა, არსად არ წავალთ, არც მე არსად არ წავალ, არც გვარამია არ წავა, ამ სახელმწიფოს და ამ სამშობლოს არ დავუთმობთ ივანიშვილს, რომელსაც არ უყვარს სიტყვა “სახელმწიფო” და უყვარს მხოლოდ “სამშობლო”, ეს ორი სიტყვა კი ერთმანეთსაა გადაჯაჭვული და ჩვენ არც ამ სახელმწიფოს და არც ამ სამშობლოს ივანიშვილს არ დავუთმობთ,

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, არასწორი სამიზნე აქვს შერჩეული, ამდენი წელია, უტრიალებს, უტრიალებს და ნიკა გვარამია ძლიერდება, მან უკვე შექმნა ის მონსტრი, “მთავარი არხი”, რომელიც მის გარეშეც იმუშავებს… – ამბობს ნინო ჯანგირაშვილი. 

შეგახსენებთ, 7 დეკემბრიდან “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენდირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები განახლდება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ თავად დაწერა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.  

დაწერე კომენტარი