“არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის გამო”, – ჯაფარიძე ხვიჩიას განცხადებაზე

ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძე Zoomer-ის კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ამბობს, რომ იაგო ხვიჩიას ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარების შესახებ გამოთქმული მოსაზრება არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის გამო. 

შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა ზურა ჯაფარიძეს კითხვა მისწერა: “ასეთი ქცევები და გამოხტომები იაგოს მხრიდან როდემდე უნდა გაატაროთ? არ შეცვლით არაფერს?” 

მომხმარებლის შეკითხვა Facebook პოსტს შეეხებოდა, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა. 

“პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს”, – წერდა ხვიჩია. 

მომხმარებლის კითხვის პასუხად ჯაფარიძე ამბობს, რომ ხვიჩიას მხრიდან პოზიციის დაფიქსირება არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის გამო. მისი თქმით, პარტიაში “რაღაცების” შეცვლა იგეგმება. 

“კი რაღაცებს შევცვლით. გამოხტომას ამას ვერ დავარქმევ. ჩათვალა ადამიანმა, რომ პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა რაღაც საკითხზე და გააკეთა, თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იყო და შემიძლია ბევრნაირად ავხსნა, რატომ იყო არასწორი. არა შინაარსის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო. 

კითხვის შინაარსი გავიგე და მეც მგონია, რომ ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მარტივად დავამთავრებ დღეს ამ კითხვაზე, აქ”, – ამბობს ჯაფარიძე. 

იგივე საკითხზე კიდევ ერთი მომხარებლის კითხვაზე კი ჯაფარიძე განმარტავს, რომ ფუნდამენტურად არასწორი ჰგონია მსგავს კონტრავერსიულ თემებზე პოზიციების იმ ფორმით დაფიქსირება, რა ფორმითაც იაგომ გადაწყვიტა. 

“მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა ცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამითი სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს”, – ამბობს ჯაფარიძე. 

დაწერე კომენტარი