“არანაირი ხელების ჩამოყრა, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე, მათ უნდა გამოვგლიჯოთ ქვეყანა!”-ელენე ხოშტარია

ხოშტარია

დღეს ნიკა, მიუხედავად იმისა, რომ მოიტაცეს და სადღაც გამოკეტეს, არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელი ერთად აღებული ქართული ოცნება, თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით და მონა მოსამართლეებით – ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს.

“ნიკა არის ძლიერი, იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, გამბედაობა, ქვეყნის სიყვარული, იდეა და ის არასდროს არ გაჩერდება ჩვენთან, ყველასთან ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა და არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენ ერთად ვართ ბევრად უფრო მეტნიც, ბევრად უფრო ძლიერებიც, იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე და მის ძალას ვერ დაამარცხებს ვერანაირი ფული.

მე შემიძლია დაგპირდეთ, ჩვენ ვიწყებთ გამათავისუფლებელ მოძრაობას და გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი ქვეყანა.

ნიკა მელიას დაჭერა სცდება უბრალოდ ერთი ადამიანის გამოკეტვას. ჩვენ გვყავს პოლიტპატირები – გიორგი რურუა დღემდე გამომწყვდეულია ციხეში. ყველა პოლიტპატიმრის თემას სცდება ის, რაც გამოგვიცხადა ბიძინა ივანიშვილმა – რომ მთლიანად ქვეყანა უნდა წაგვართვას, დიქტატურაში უნდა გვაცხოვროს და თითოეული მოქალაქის თავისუფლება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის ნებაზე. ამაზე უნდა მიიღოს მტკიცე უარი. მე პირობას ვდებ, რომ ჩვენ, ყველა ერთად, კარგად გავაგონებთ ამ უარს, გამოვგლეჯთ ქვეყანას და მივცემთ ჩვენს მომავალს და არა საბჭოთა წარსულს.

არანაირი ხელების ჩამოყრა, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე!”- განაცხადა ხოშტარიამ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი