NASA სულ მალე არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შესახებ განაცხადებს (ვიდეო) – ირწმუნება ჰაკერთა ჯგუფი Anonymous-ი

ჰაკერთა ჯგუფი Anonymous

ჰაკერთა ქსელი Anonymous-ი ახალ განცხადებებს ავრცელებს. ამჯერად, ისინი ამტკიცებენ, რომ NASA სულ მალე არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შესახებ განაცხადებს. 

განცხადება საკმაოდ გაბედულია, მაგრამ სანამ ძალიან აღფრთოვანდებოდეთ, გადავხედოთ სამეცნიერო კვლევებს, რათა უფრო ნათელი გახდეს, რომ Anonymous-ს მსგავსი სპეკულაციების გასავრცელებლად არანაირი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება არ გააჩნია.

სინამდვილეში, ჰაკერთა ჯგუფის ბოლო ვიდეო-განცხადება ეყრდნობა ცოტა ხნის წინ, კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ  219 ახალი პლანეტის აღმოჩენას მზის სისტემის მიღმა; ასევე NASA-ს ადმინისტრატორის, თომას ზურბუხენის კომენტარებს, რომელიც მან აპრილში, აშშ-ის მთავრობის წინაშე წარდგენისას გააკეთა.

„თუ მხედველობაში მივიღებთ ყველა იმ სხვადასხვა აქტივობასა და მისიას, რომლებიც არამიწიერი სიცოცხლის ძიებას ეძღვნება, ჩვენ უკვე ვიმყოფებით ისტორიაში ყველაზე ღრმა, უპრეცედენტო აღმოჩენის ზღვარზე“, — განაცხადა ზურბუხენმა 26 აპრილს კონგრესში, არამიწიერი სიცოცხლის ძიების კომიტეტის გამოსვლის წინაშე.

ზურბუხენი ასევე ძალიან აღფრთოვანებული იყო გასულ კვირას, კეპლერის აღმოჩენის შესახებ განცხადებისას.

Anonymous-ს აღებული აქვს ზურბუხენის ამ გამოსვლისას წარმოთქმული ენთუზიასტური მტკიცებულებები, კეპლერის ბოლო აღმოჩენა, ასევე რამდენიმე ყოფილი ასტრონავტისა და არამიწიერი სიცოცხლის მაძიებელი ენთუზიასტის განცხადება — როგორც მტკიცებულება, რომ „ზემოთ, ცის მიღმა, რაღაც ხდება“.

ჰაკერების განცხადება თავად შეგიძლიათ იხილოთ.

საინტერესოა, რა ხდება? მართლა ვართ თუ არა არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის ზღვარზე?

ალბათ არა. Anonymous-ს აშკარად ზედმეტი მოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ აპრილის შეხვედრაზე ზურბუხენის მიერ გაკეთებული განცხადებები საკმაოდ ორაზროვანი ჩანს, თუკი მას კონტექსტიდან ამოვარდნილად შევხედავთ, სინამდვილეში ყველაზე ამაღელვებელი მაინც ის პროგრესია, რაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში განვიცადეთ არამიწიერი სიცოცხლის ძიების თვალსაზრისით და არა უშუალოდ რაიმე კონკრეტული მტკიცებულების კუთხით.

საქმეში ჩაუხედავებს შეგახსენებთ, რომ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი 2009 წელს გაეშვა და მას შემდეგ აქტიურად ახდენს ცის მონაკვეთების სკანირებას, აკვირდება შორეულ ვარსკვლავთა მცირე ჩაბნელებებს, რაც იმის მტკიცებულებად მიიჩნევა, რომ მათ გარშემო ეგზოპლანეტები მოძრაობენ.

სხვათა შორის, კეპლერს უკვე აღმოჩენილი აქვს მზის სისტემის მიღმა არსებული 4000-ზე მეტი პლანეტა, რომელთაგან 30 დედამიწის ზომისაა და თავიანთ დედა-ვარსკვლავებთან სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ — ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ვარსკვლავთან არც იმდენად ახლოს არიან, რომ თხევადი წყალი აორთქლდეს და არც იმდენად შორს, რომ გაიყინოს, ანუ, იქ შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა.

გარდა ამისა, ამ წლის დასაწყისში, NASA-მ „დობილი მზის სისტემის“ აღმოჩენის შესახებ გვამცნო — ვარსკვლავის სისტემა TRAPPIST-1, რომელიც ჩვენგან 39 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და პოტენციურად დედამიწის მსგავსი შვიდი პლანეტა ჰყავს.

„TRAPPIST-1-ის სისტემა ჩვენგან მხოლოდ 39 სინათლის წლითაა დაშორებული და მისი აღმოჩენა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი მზის სისტემის პატარა კუთხე სავსეა პლანეტებით და დედამიწის მსგავსი პლანეტები შესაძლოა იმაზე უფრო ახლოს უნდა ვეძებოთ, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. ამ სისტემის შემდგომი კვლევა ალბათ გამოამჟღავნებს სიცოცხლისათვის შესაფერისი პირობების არსებობას“, — განაცხადა ზურბუხენმა აპრილში, საკომიტეტო მოსმენაზე.

ამის შემდეგ, მკვლევართა სხვა ჯგუფი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტები სიცოცხლისათვის ხელსაყრელი არაა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ჩვენის მსგავსი მზის სისტემა სულ ახლოს, ჩენივე „ტყეში“ არსებობს, იმაზე მიუთითებს, რომ უფრო შორს, კიდევ მრავალი სხვა მსგავსი სისტემაა.

სულ მალე, ჩვენს ხელთ იქნება არამიწიერი სიცოცხლის ძიების კიდევ უფრო უკეთესი ხელსაწყოები.

მომავალ წელს, NASA გაუშვებს ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს — პლანეტებზე მონადირე უფრო მგრძნობიარე ინსტრუმენტს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში გამოავლინოს წყლის, მეთანის, ჟანგბადისა და ოზონის ქიმიური ნაკვალევი; ყველაფერი ეს კი საკვანძოა იმის დასადგენად, არის თუ არა ეს პლანეტები სიცოცხლისათვის ვარგისი.

სიცოცხლის ნიშნებს მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების გარდა, NASA ჩვენს მეზობელ პლანეტებზეც ეძებს და ამ საქმეში მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. უნდა აღნიშნოს წყალბადის სასიცოცხლო ბლოკების აღმოჩენა სატურნის მთვარე ენცელადის გაყინულ ოკეანეებში; დადგინდა ისიც, რომ იუპიტერის მთვარე ევროპაზე არსებობს ოკეანეები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ძალიან ჰგავს დედამიწის ოკეანეებს.

ამრიგად, Anonymous-ი ერთი მხრივ ძალიან სწორ გზას ადგას — NASA ისე ახლოსაა არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენისათვის საჭირო ხელსაწყოებთან, როგორც არასდროს. თუმცა სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის მტკიცებულება უკვე არსებობს, არც იმას, რომ ამ აღმოჩენას ჩვენივე სიცოცხლეში მოვესწრებით.

მაგრამ თუკი გესიამოვნებათ, გეტყვით იმასაც, რომ ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი ახლა „ყველაზე მეტად დარწმუნებულია, ვიდრე ოდესმე, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ“. მიუხედავად ამისა, ასტროფიზიკოსმა ნილ დეგრას ტაისონმა ცოტა ხნის წინ Reddit-ზე დაწერა, რომ მისი რწმენით, არამიწიერი სიცოცხლის პოვნას უახლოესი 50 წლის მანძილზე ვერ შევძლებთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

წყარო: 1tv.ge

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი