არამგონია, 7 ევროპარლამენტარის განცხადებამ იმოქმედოს სტრატეგიულ მიმართულებაზე – ვოლსკი

ვოლსკი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ 7 ევროპარლამენტარის განცხადება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებაზე არ იმოქმედებს. მისი თქმით, ამ ევროპარლამენტარების პოზიცია გაუგებარია, რადგან იმის ნაცვლად, რომ პრობლემის სათავეზე ისაუბრონ სანქციებით იმუქრებიან.

“გაუგებარია ამ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს 7 პარლამენტარი მიმართავს. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. რასაკვირველია, შეიძლება რაღაც სკანდალური შეკითხვები დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება, რომ რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ სანქციები დააწესოს.

არამგონია, რომ 7 პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არამარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის”, – თქვა გია ვოლკსიმ. 

დაწერე კომენტარი