ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ სომხეთში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს კორონავირუსი უდასტურდებოდათ, სომხეთს ამის შესახებ საქართველოსთვის უნდა ეცნობებინა, რადგან ორივე ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციის წესების ხელმომწერია. ასე უპასუხა მან სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებებს, რომლებიც “არადიპლომატიურად” შეაფასა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ტოროსიანმა ონლაინკონფერენციისას მეზობელ ქვეყნებს შორის ეპიდსიტუაციისა და ინფიცირებულთა სტატისტიკის განსხვავება მიმოიხილა და არაერთი ვარაუდი გამოთქვა იმაზე, რომ საქართველოში სტატისტიკა არაზუსტია. მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში 40 000 ადამიანის ტესტირება PCR ტესტით ჩატარდა, სწრაფი ტესტები კი არასანდოა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოდან ჩასულ მძღოლებს ხშირად უდასტურდებოდათ კორონავირუსი მაშინ, როცა ქვეყანა ინფიცირებულთა დაბალ რაოდენობაზე საუბრობდა. ტოროსიანის თქმით, მისთვის უცნობია ისიც, შედიან თუ არა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში პნევმონიით გარდაცვლილები. ტოროსიანმა დასძინა, რომ სომხეთშით გაცილებით უფრო ძლიერი ანტიეპიდემიური სისტემა აქვთ და ისურვებდა, რომ საქართველოსაც ასეთივე ჰქონდეს.

გამყრელიძის თქმით, დარწმუნებული არ არის, რომ ეს სიტყვები ტოროსიანს ეკუთვნის, რადგან მას პირადად იცნობს და მსგავსი განცხადება “არადიპლომატიურია”. მისივე თქმით, როცა საქართველოში სომხეთის მოქალაქეს დაუდასტურდა ინფიცირება, მათ სომხეთსაც აცნობეს და ჯანმოსაც.

გამყრელიძემ ასევე განმარტა, რომ სწრაფი ტესტებით გამოკვლევა საერთო მაჩვენებელში არ აღირიცხება და საქართველოში ნამდვილად 40 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს PCR ტესტით. რაც შეეხება პნევმონიით გარდაცვლილთა სტატისტიკას, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მათ ვებგვერდზე ქვეყნდება ყოველწლიური სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ წელს განსაკუთრებული ცვლილება არ არის და სურვილის შემთხვევაში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს თავადაც შეუძლია ნახოს ეს მაჩვენებლები.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ინფიცირების თითქმის 6 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, გარდაცვლილია 70-ზე მეტი და გამოჯანმრთელებულია 2 ათასზე მეტი. საქართველოში კი ინფიცირების 700-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, გარდაცვლილია 12 და გამოჯანმრთელებულია თითქმის 500 ადამიანი.

დაწერე კომენტარი