ალექსანდრე ელისაშვილი ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობისთვის გაცემული ნებართვის ბათილად ცნობას მოითხოვს

aleko elisashvili

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგზე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა წარმოადგინა.
როგორც წარმომადგენლობით ორგანოს წევრმა განაცხადა, თბილისში ცინცაძის ქ. N63-ის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა N85) მიმდებარედ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გაცემული სანებართვო და სხვა აქტების კანონიერების თაობაზე მან აღნიშნულ საქალაქო სამსახურს განცხადებით უკვე მიმართა.
ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, დასკვნის თანახმად, სახეზეა არქიტექტურის სამსახურის ბრძანებისა და მის საფუძველზე მიღებული მშენებლობის ნებართვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ბათილობის საფუძვლები.
მისივე ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახურის მშნებლობის დასკვნის გამო დედაქალაქის ბიუჯეტმა ნახევარ მილიონამდე ლარით იზარალა და შესაბამისმა სამსახურებმა ცინცაძის N63-ის მიმდებარედ მშენებლობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ღონისძიებები დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ.
ბრიფინგზე სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევის თაობაზე ადვოკატმა ლაშა მჭედლიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტი კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად.
როგორც ბრიფინგის დასასრულს ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნა, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის საფუძველზე მომზადებული დასკვნა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.

cyc

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი