ავჭალა -1-ის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწესრიგების სამუშაოები იგეგმება

თბილისის გლდანის რაიონში, ავჭალა -1-ის დასახლებაში, სხავადასხვა ქუჩაზე უახლოეს პერიოდში საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება, რომლის მეშვეობითაც კანალიზაციის პრობლემა​ 250 ოჯახს მოუგვარდება.
როგორც „სითი კვირას“ გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ავჭალა-1-ის დასახლებაში პროექტით გათვალისწინებულია კანალიზაციის ქსელის მოწყობა​ ბრონშტეინის, ლურჯქედის, ერისთავის, გობრონიძის ჩიხის, ქობის, საგუბარის, ღვარძლისა და გაბაშვილის ქუჩებზე.
​მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 423 142 ლარია. გარდა ამისა, ავჭალა-1-ის დასახლებაში, ღვალაძის ქუჩაზე გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელისა და ასფალტის საფარის მოწყობა, რომლის ღირებულება 276 000 ლარს შეადგენს.
​მათივე თქმით, ასფალტის საფარს ასევე მოაწესრიგებენ გაბაშვილის ქუჩაზე, 4500 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია. სამუშაოების დაწყება წლის მეორე კვარტალში იგეგმება.
ობიექტები, სადაც ახლო მომავალში სამუშაოები დაიწყება თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, რამდენიმე დღის წინათ დაათვალიერა. დიმიტრი ორმოცაძემ მერის მოადგილეს პროექტები გააცნო და განაცხადა, რომ კანალიზაციის, წყლისა და გზის მოწესრიგებით მოგვარდება ის პრობლემები, რაც მაცხოვრებლებს დღემდე სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი