ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისისის სხდომა

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისისის სხდომა გაიმართა

cyc

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისისის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მარჯანიშვილის №16-ში მცხოვრები მოსახლეობისა და ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდს“ შორის მიმდინარე დავის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებთან ერთად, განმცხადებლები და აღნიშნული ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც მარჯანიშვილის №16-ის მცხოვრებლებმა აღნიშნეს, 2012 წელს პროექტის ,, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში შენობის დემონტაჟი განხორციელდა, რომლის საფუძველზეც მობინადრეებს დასრულებული ბინები 2012 წლის 31 დეკემბერს უნდა ჩაბარებოდათ.
მოსახლეობის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მცხოვრებლებს შენობა ხარვეზებით ჩაბარდათ.
მათივე თქმით, მშენებლობის პერიოდში შენობის პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. შვიდსართულიან კორპუსს არ აქვს ლიფტი, ავტოსადგომი, ასევე არასწორად წარმოებული სამუშაოების შედეგად შეუძლებელია გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც მოქალაქეები ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ვერ ახდენენ.
,,თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლების განმარტებით, 2012 წელს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ყველა ვალდებულება შესრულებულია, თუმცა , მოსახლეობის ნაწილს ფონდთან კვლავ აქვს დავა, რაც კიდევ უფრო აფერხებს მიმდინარე პროცესს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია ყაზტრანსგაზისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს და მოსახლეობას ლიფტისა და გაზის მიწოდების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
რაც შეეხება სხვა ოთხ მესაკუთრესა და განვითარების ფონდს შორის არსებულ დავას, დეპუტატის თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მოგვარებული, რათა მოხერხდეს ე.წ. ,,წითელი ხაზების“ დადგენა და ქონების რეგისტრაციის პროცესის დაწყება.
სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მარჯანიშვილის №16-ში პირადად მივიდა და საცხოვრებელი კორპუსი ადგილზე დაათვალიერა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი